- შარლ მიშელი მშვიდობის მიღწევის პერსპექტივას მიესალმა
- ორ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას შორის საერთო საზღვრის გასწვრივ შეტაკებების სერიის ფონზე, ბრიუსელში მოლაპარაკებები გაიმართა
აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანთან სამმხრივი შეხვედრის მასპინძლობის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ორი ლიდერი იზიარებს საერთო მზადყოფნას, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა მისაღწევად. ამის შესახებ Politico წერს.
„აშშ-ში ჩატარებული ბოლოდროინდელი პოზიტიური მოლაპარაკებების შემდეგ, სამშვიდობო ხელშეკრულებაზე, იმპულსი უნდა იყოს შენარჩუნებული, რომ გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას ყოვლისმომცველი სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებისკენ“, - განაცხადა მიშელმა.
ამავდროულად, მიშელმა განაცხადა, რომ ამ ორივემ მკაფიო პროგრესს მიაღწია სატრანსპორტო კავშირების განბლოკვის შესახებ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. მიშელი ვარაუდობს, რომ უახლოეს დღეებში, შესაძლოა, დაკავებული სამხედროების გაცვლის პროცესი შედგეს.
შარლ მიშელის თქმით, ამ თემაზე პოზიციები ახლა ძალიან დაუახლოვდა ერთმანეთს, განსაკუთრებით, სარკინიგზო კავშირების გახსნასთან დაკავშირებით ნახიჩევანთან და მის გავლით. შესაბამის გუნდებს დაევალათ, დაასრულონ პრინციპული შეთანხმება და საჭირო სამშენებლო სამუშაოსთან დაკავშირებული საკითხები.
„დღეს ბრიუსელში მეხუთე შეხვედრა გულწრფელი, ღია და შედეგზე ორიენტირებული იყო. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზაციის გზაზე პროგრესზე. ლიდერები იზიარებდნენ საერთო მზადყოფნას სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისთვის.
სასაზღვრო საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენ განვიხილეთ პროგრესი და საზღვრის დელიმიტაციის შემდგომი ნაბიჯები. ამ კონტექსტში, ლიდერები შეთანხმდნენ სასაზღვრო საკითხებზე ორმხრივი შეხვედრების განახლებაზე. ლიდერებმა დაადასტურეს თავიანთი ცალსახა ერთგულება 1991 წლის ალმათის დეკლარაციისა და სომხეთის (29,800 კმ2) და აზერბაიჯანის (86,600 კმ2) შესაბამისი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საზღვრის საბოლოო დელიმიტაცია მოლაპარაკებების გზით იქნება შეთანხმებული.
მჯერა, მნიშვნელოვანია, თავი შეიკავოთ მტრული რიტორიკისაგან, გამოვიჩინოთ ლიდერობა, რათა მივაღწიოთ ორმხრივად მისაღებ გადაწყვეტილებებს. ევროკავშირს არ აქვს ფარული დღის წესრიგი. ჩვენი ერთადერთი მიზანია, დავეხმაროთ სომხეთსა და აზერბაიჯანს ყოვლისმომცველი და სამართლიანი მშვიდობის მიღწევაში. ჩვენ მზად ვართ, წვლილი შევიტანოთ მათ ერთობლივ ძალისხმევაში. ჩვენ შევთანხმდით, რომ ბრიუსელში შეხვედრები იმდენჯერ ჩავატაროთ, რამდენიც საჭირო იქნება.
ლიდერები კვლავ შეხვდებიან ბრიუსელში ივლისში. და როგორც უკვე საჯაროდ იყო გამოცხადებული, ჩვენ ასევე შევხვდებით უახლოეს მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტ, მაკრონთან და გერმანიის კანცლერ, შოლცთან ერთად კიშინოვში. მე ასევე ვაპირებ ლიდერების მოწვევას მორიგი ასეთი შეხვედრისთვის ოქტომბერში, გრანადაში EPC-ის მესამე სამიტის ფარგლებში“, - განაცხადა შარლ მიშელმა.
ორი ქვეყნის დიპლომატები ვაშინგტონში ამ თვის დასაწყისში შეხვდნენ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ”ხელშესახები” პროგრესია მიღწეული სამშვიდობო გარიგებისკენ მიმავალ გზაზე.