რუსეთის ბელგოროდის რეგიონში რთული ვითარებაა. უკრაინული მედია „რუსეთის თავისუფლების ლეგიონის“ პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.
მისივე თანახმად, ლეგიონი და „რუსეთის მოხალისეთა კორპუსი” რუსეთის ფედერაციის საზღვარზე დემილიტარიზებულ ზონას ქმნიან, საიდანაც რუსული არმია უკრაინაზე თავდასხმას ვერ შეძლებს.
რუსეთის თავისუფლების ლეგიონის განცხადებით, ისინი გააგრძელებენ „სვლას სრულიად რუსეთის გათავისუფლებისკენ“.
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, გრაივორონში კიდევ სამი ადამიანი - ორი კაცი და ერთი ქალი დაშავდა.
მისივე ინფორმაციით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გლადკოვის თქმით, დაზიანებულია სამი კერძო საცხოვრებელი სახლიც.
„იერიში განხორციელდა ადმინისტრაციის შენობაზეც. სოფელ ზამოსტიეში ჭურვი საბავშვო ბაღს მოხვდა, რის შედეგადაც მას ცეცხლი გაუჩნდა. ასევე, დაშავებულია ქალბატონი, რომელსაც ჭრილობა ხელის არეში აღენიშნება. მას დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. ზიანის შესახებ ინფორმაცია ახლდება“, - განაცხადა ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა.
რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა თქვა, რომ უკრაინის არმიის „დივერსიულმა და სადაზვერვო ჯგუფმა" რუსეთის ტერიტორიაზე შეაღწია.
ამასთან, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა, ანდრი იუსოვმა აღნიშნა, რომ ბელგოროდის ტერიტორიაზე „რუსეთის თავისუფლების ლეგიონისა“ და „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ წარმომადგენლები ახორციელებენ სპეცოპერაციას, რომლის მიზანია ტერიტორიის ე.წ. პუტინის რეჟიმისგან გათავისუფლება, რათა შექმნან უსაფრთხოების გარკვეული ზონა უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად.