ჰიტლერის სახლს ადამიანის უფლებებზე პოლიციელების ტრენინგისთვის გამოიყენებენ

სახლი ავსტრიაში, სადაც ნაცისტური გერმანიის ლიდერი, ადოლფ ჰიტლერი დაიბადა, პოლოციელების ტრენინგის ადგილი გახდება. მთავრობამ გერმანიის საზღვართან ახლოს მდებარე შენობა, იძულებითი შესყიდვის ორდერით, 2016 წელს, ხანგრძლივი დავის შემდეგ იყიდა. ამის შესახებ BBC წერს.

სახლის გარდაქმნის სამშენებლო სამუშაოები სავარაუდოდ, შემოდგომაზე დაიწყება.

თუმცა ეს თემა დავის საგანი გახდა. ზოგიერთ ავსტრიელს სახლის დანგრევა სურს. თუმცა კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს იქნებოდა ავსტრიის წარსულის უარყოფა, სხვები კი ამბობდნენ, რომ სახლი უნდა გამოეყენებინათ „შერიგების ადგილად“ ან საქველმოქმედო მიზნებისთვის.

ავსტრიული მაუწყებლის, ORF-ის ცნობით, უახლესი სქემის მიხედვით, სამშენებლო სამუშაოს ჩატარება მოსალოდნელია 2025 წლისთვის და პოლიციის ძალები იქ მომავალ წელს შევლენ.

ნაცისტების მმართველობის დროს, სახლი ჰიტლერის სალოცავად გადაკეთდა - ამ სახლში ის მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში ცხოვრობდა.

ჰიტლერი ინის ბრაუნაუში 1889 წელს დაიბადა. ავსტრია ოჯახთან ერთად კი, სამი წლის ასაკში დატოვა.


ჰიტლერის მშობლიური სახლის ბედი რამდენიმე წლის განმავლობაში წყდებოდა. მანამდე, ავსტრიის ხელისუფლებას შენობის დემონტაჟი სურდა, რათა ის ნეონაცისტებისთვის საკულტო ადგილი არ გამხდარიყო.

2017 წელს, სახელმწიფომ სახლი მის იმჟამინდელ მფლობელს, ჰერლინდა პომერს ჩამოართვა. პომერმა სახლის სანაცვლოდ 1,5 მილიონი ევროს კომპენსაცია მიიღო, თუმცა მოგვიანებით, ავსტრიის ფინანსურმა პროკურატურამ ამ თანხის დასაბრუნებლად სასამართლო დავა დაიწყო. 2019 წლის აგვისტოში სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპენსაციის თანხა 810 ათას ევრომდე შემცირდა.