სააკაშვილის ოჯახი მილიონობით დოლარს ხარჯავს და საქართველოს მთავრობას აბრალებს, რომ ვითომ ვწამლავთ, ვითომ ვტანჯავთ, ვითომ ვაწამებთ. საქმე სტრასბურგის სასამართლოში წაიღეს და ყველა თხოვნაზე უარი უთხრეს, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს მისი ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კატარში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.
- რატი ბრეგაძის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
- სტრასბურგში იურიდიული პროცესი გრძელდება - სააკაშვილი
„არ მინდა ყოფილ პრეზიდენტზე საუბარი, იმიტომ, რომ ის არის წარსული. მინდა ვისაუბრო აწმყოზე, მომავალზე. უფრო საინტერესო ეს არის ჩვენთვისაც და დარბაზისთვისაც, მაგრამ რადგან მკითხეთ, მოკლედ გიპასუხებთ. ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბევრი მძიმე დანაშაულები ჩაიდინა, ამიტომ არის...
ციხეში კი არ არის, არამედ კლინიკაში. კერძო კლინიკაშია უკვე ერთი წელია და ძალიან ბევრი სპეკულაცია და ყალბი ინფორმაცია ვრცელდება ამის შესახებ. მისი ოჯახი ხარჯავს მილიონობით დოლარს ბოლო 2 წლის განმავლობაში და საქართველოს მთავრობას აბრალებს, რომ ვითომ ვწამლავთ, ვითომ ვტანჯავთ, ვითომ ვაწამებთ. საქმე სტრასბურგში ადამიანის უფლებების სასამართლოში წაიღეს. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ უარი უთხრა ყველა თხოვნაზე და კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს მისი ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად და ამ ყველაფერს ევროპული სტანდარტებით ვაკეთებთ,“ - განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.
უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.
დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.