ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
„უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისა და საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტის ოკუპაციის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა აჩვენა ურყევი, მტკიცე გადაწყვეტილება, მიეღო თავისი ევროატლანტიკური მომავალი. ჩვენ ვაღიარებთ და ვგმობთ რუსეთის აგრესიულ ქცევას, მათ შორის, რუსეთის საქართველოში შეჭრას 2008 წელს და მიმდინარე ოკუპაციას. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ჩვენი 31-წლიანი ორმხრივი ურთიერთობის განმავლობაში, შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიული განვითარების წინსვლის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, კანონის უზენაესობის გაძლიერების, ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და უკეთესი მომავლის შესაქმნელად. ჩვენმა ქვეყნებმა ასევე ერთად იმუშავეს, რათა მოეტანათ სტაბილურობა და მშვიდობა საქართველოში, რეგიონსა და მსოფლიოში.
დღეს, ქართველებისთვის აღსანიშნავ დღეს, კიდევ ერთხელ ვადასტურებ შეერთებული შტატების ერთგულებას, რათა დაეხმაროს საქართველოს, ააშენოს უსაფრთხო, უკეთესი, ევროპული დემოკრატია, რომელიც მის მოქალაქეებს სურთ და ასე უხვად იმსახურებენ“, – ნათქვამია სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.
-
26 მაისს, წელს პირველად, ფიცს წვევამდელები თბილისსა და 10 ქალაქში დადებენ
-
როგორ აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღე