შეერთებული შტატები სიამაყით გააგრძელებს თქვენს პარტნიორობას - აშშ-ის საელჩო

თქვენი მდიდარი, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში თავდაუზოგავად იბრძოდით დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის. შეერთებული შტატები სიამაყით გააგრძელებს თქვენს პარტნიორობას, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

აშშ-ის საელჩო განცხადებასთან ერთად აზიარებს ფოტოს, ილია ჭავჭავაძის ფრაზით: „ჩვენის მხრით, ამაზედ უკეთესს საგანს, ამაზედ უკეთესს გზას, უკვე სხვაგან გამოცდილს და გამოყენებულს სხვას ვერას ვუჩვენებთ ჩვენსს საიმედო ყმაწვილ-კაცობას“.

„ქართველ ხალხს ამერიკელი ხალხისგან: თქვენი მდიდარი, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში თავდაუზოგავად იბრძოდით დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის და უფრთხილდებოდით მას. ეს სულისკვეთება ისევეა ცოცხალი თქვენში, როგორც ოდესმე, განსაკუთრებით თქვენს მისწრაფებაში, გახდეთ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრები და უზრუნველყოთ უსაფრთხოება და კეთილდღეობა საქართველოს მომავალი თაობებისთვის. შეერთებული შტატები სიამაყით გააგრძელებს თქვენს პარტნიორობას, ისევე, როგორც ოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში.

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო!”- ნათქვამია განცხადებაში.


შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, ახლანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა.

რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.