საქართველოს სტაბილურობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს - ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, იან ლიპავსკის მისალოც წერილში აღნიშნულია, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე კი, ამ არჩევნის რეალიზებისთვის, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს მდგრადობა და სტაბილურობა. ჩეხეთის რესპუბლიკა განაგრძობს საქართველოს დემოკრატიული და პრო-დასავლური ორიენტაციის მხარდაჭერას“, - ნათქვამია ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის წერილში.


შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, ახლანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა.

რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.