თქვენი აქ დგომა იმის ნიშანია, რომ ჩვენს არცერთ ბრძოლას თავისუფლებისთვის უკვალოდ არ ჩაუვლია - სალომე ზურაბიშვილი წვევამდელებს

ჩვენი ჯარი სახელმწიფოს გამძლეობისა და მედეგობის უტყუარი ნიშანია, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას წვევამდელებს, რომლებმაც სამხედრო ფიცი დადეს.

„ძვირფასო თანამემამულეებო, ყველას გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. დღეს 26 მაისია, დამოუკიდებლობის დღე - თქვენი ფიცის დადების დღე. თქვენ ამ ფიცით საქართველოს ურყევ ერთგულებას და თავდადებას უცხადებთ. დღეს თქვენ საქართველოს ჯარს უერთდებით, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის საყრდენია. დღეს თქვენი აქ დგომა იმის ნიშანია, რომ ჩვენს არცერთ ბრძოლას თავისუფლებისთვის უკვალოდ არ ჩაუვლია. ჩვენი ჯარი სახელმწიფოს გამძლეობისა და მედეგობის უტყუარი ნიშანია. ამ ჯარმა ქვეყნის საზღვრებს მიღმა სამშვიდობო მისიებში თავდადებისა და პროფესიონალიზმის მრავალი მაგალითი აჩვენა.

26 მაისი ის დღეა, როცა ქართულ ჯარს მადლიერებას ვუცხადებთ და ყველა ერთად პატივს მივაგებთ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ყველა დროსა და ადგილას დაღუპულ გმირებს. დღევანდელ დღეს არ შეიძლება არ ვახსენოთ 100 წლის წინ, 1923 წლის 21 მაისს, დილის 5-ის ნახევარზე დახვრეტილი საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ 15 მებრძოლი ვაჟკაცი, გენერალ კოტე აფხაზის მეთაურობით. 100 წელი გავიდა, თუმცა საფლავი და საპატიო ყარაული ჯერ არ ღირსებიათ, ამიტომ გამოვედი ინიციატივით, რომ 100 წლის თავზე თითოეულ მათგანს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭოს. კოტე აფხაზის სიტყვები კი ჩვენს მეხსიერებაში ჩაიწერა და ეხმიანება ილიას, ვაჟას, აკაკის, ნიკოს და სხვების სულისკვეთებას - „ჩვენი პირი დასავლეთისკენ უნდა იყოს მიქცეული, ჩვენი პირი შავი ზღვისკენ უნდა იყოს მიქცეული. დღესაც ეს გამოძახილი ჩვენი საზოგადოების სულისკვეთებას ესატყვისება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, ახლანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა.

რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.