ძნელი დასაჯერებელია, ოკუპანტი ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური წრის წევრები, წინასწარი გაფრთხილებისა და უსაფრთხოების გარანტიების გარეშე შემოსულიყვნენ - ზურაბიშვილი

ქართველები არცერთი ქვეყნის ჩრდილქვეშ ცხოვრებას არ ეგუებოდნენ და მიზნად არც რომელიმე ქვეყნის დაპყრობას, თუ მტრობას არ ისახავდნენ. რუსეთის იმპერიის წნეხის ქვეშ, ტოტალური რუსიფიკაციისა და „ერთმორწმუნე ძმის“ მიერ ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების, ფრესკების განადგურების მიუხედავად, შევძელით და შევინარჩუნეთ ენაც და სარწმუნოებაც.

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 70 წლიანმა საბჭოთა ოკუპაციამ და 26 მაისის ხსენების აკრძალვამაც კი ვერ მოახერხა დამოუკიდებელი საქართველოს იდეის მოსპობა.

„ქართველში ვერასდროს ვერავინ ვერაფრით ჩაკლა დამოუკიდებლობისა და თავისუფლების წყურვილი. პირიქით, რაც მეტად გვებრძოდნენ, მით უფრო ძლიერდებოდა დამოუკიდებლობის ჟინი და საზოგადოების შემართება. დღემდე ამღირსებით, ამ პრინციპებით და ამ შეგნებით მოვედით“, - განაცხადა პრეზიდენტმა.


„26 მაისი სხვა არაფერია, თუ არა ამ სულისკვეთების განსახიერება“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

„დღეს 26 მაისია და ეროვნული სიამაყის დღე უნდა იყოს - შემართებისა და ღირსების დღე. იმედის გრძნობა თუ გაგვაჩნია, იმ ახალგაზრდებს უნდა ვუმადლოდეთ, ვინც თავისიწარმატებით, საკუთარი ნიჭით, შრომით და ჟინით შეძლეს და საქართველო ასახელე სკულტურაში, სპორტში, თუ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში. მჯერა, რომ ისინი ამ ქვეყანაში თავისუფალ აზროვნებასთან და ინიციატივებთან ერთად დანერგავენ ცოდნას, პროფესიონალიზმს და ქვეყნისთის ახალ პერსპექტივებს შექმნიან“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისივე შეფასებით, ყველაზე მთავარი იმედი - ჩვენი საზოგადოება, რომელმაც მსოფლიოს ყველა საჭირო დროს აჩვენა თავისი ერთიანობა, პრინციპულობა, უკრაინის მიმართ სოლიდარობა, ტოლერანტობა და ევროპული არჩევანისა და მისი ღირებულებების ერთგულება, მაგრამ დღეს ამ საზოგადოებას გაუგებრობის და შეურაცხყოფის შერეული განცდა დაეუფლა.


  • ჩვენი ხალხისთვის გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების პატივსა და ღირსებაზე არ ფიქრობს.

გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა ჩვენს პოლიციას შეუძლებელ ამოცანას ვუსახავთ და გამოწვევის წინაშე ვაყენებთ. ყველას კარგად გვესმის, რომ ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიები გააჩნია და მის ტერიტორიაზე რუსის ჯარია, განსაკუთრებულად უნდა იცავდეს სტაბილურობას. სწორედ ამიტომ ხელისუფლებას ევალება, რომ არ დაუშვას ისეთი სიტუაციის წარმოქმნა, რომელსაც უთუოდ მოჰყვება ვნებათაღელვა და ესკალაცია. ხელისუფლებას ევალება პრევენცია და არა საკუთარი ხალხის მოთმინების გამოცდა“.


სალომე ზურაბიშვილის თქმით, ხელისუფლებას ევალება ტერიტორიის დაცვა და საზღვრის მართვა. მან მთავრობას პარტნიორებთან ურთიერთობის ენა დაუწუნა. ზურაბიშვილმა მთავრობა მკაცრად გააკრიტიკა იმის გამო, რომ „არანაირი ზომა და სამართლიანი რეგულაციები არაა მიღებული რუსეთიდან მასიურად შემოსულებისთვის და მათი საქმიანობისთვის“.

„უნდა იცოდე ვინ შემოდის და ვინ გადის ქვეყნიდან. ძნელი დასაჯერებელია, რომ ოკუპანტი ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური წრის წევრები, ქვეყანაში წინასწარი გაფრთხილებისა და უსაფრთხოების გარანტიების მიღების გარეშე შემოსულიყვნენ.

მაშინ, როცა მუდმივად აპელირებენ მშვიდობასა და სიფრთხილეზე, ნუთუ ამ დროს ხელისუფლებაში ვერავინ დაინახა ესკალაციის საფრთხე?! გავრილოვის მაგალითი მაინც არ გვქონდეს!

არ შეიძლება, ოკუპაციის კანონის და პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციების გაუთვალისწინებლობა, რადგან ამან ერთი მხრივ, შესაძლოა, გამოიწვიოს ქვეყნის შიგნით პროტესტი და მეორე მხრივ, უთანხმოება ჩვენს უახლოეს და სტრატეგიულ პარტნიორებთან.

ასევე გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა შენივე ქვეყნის მმართველი ძალა ქსენოფობიას გაბრალებს. ჩვენს ისტორიას ასეთი ბრალდება არ ახსოვს. ბრალდება ქვეყნის მიმართ, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში შემწყნარებლობით და სტუმართმოყვარეობით გაითქვა სახელი.

ეს ყოველივე არამხოლოდ წარსულითაა დამტკიცებული, ქართველ და ებრაელთა 26 საუკუნოვანი თანაცხოვრებით, არამედ დღესაც, როცა ოკუპანტი ქვეყნიდან უსიტყვოდ მივიღეთ და ვაცხოვრებთ 80 000-მდე იმიგრანტს და მთელი ამ დროის განმავლობაში არცერთი სერიოზული ინციდენტი არ ყოფილა.

  • ეს ბრალდება ასევე სახიფათოა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, რადგან ყველამ კარგად ვიცით და გვახსოვს, რომ რუსეთი მეზობლებზე თავდასხმებს რუსულენოვანი ხალხის დაცვით ამართლებს.

დამოუკიდებლობა, რომელსაც დღეს ვზეიმობთ, სახელმწიფოსგან საკუთარი მოქალაქეების დაცვასაც გულისხმობს. სახელმწიფოებრიობა ისაა, როცა ქვეყანა წესებით და კანონებით იმართება. ესაა სახელმწიფო მიდგომა, რომელიც ყველაზე უნდა ვრცელდებოდეს. ამიტომ გაუგებარია, რატომ არანაირი ზომა და სამართლიანი რეგულაციები არაა მიღებული რუსეთიდან მასიურად შემოსულებისთვის და მათი საქმიანობისთვის, განსაკუთრებით კი ისეთს ფეროებში როგორიცაა, ჯანდაცვა და განათლება. ან თუნდაც უძრავი ქონების შეძენა დადაწესებული გადასახადების გადაუხდელობა.

  • ასევე გაუგებარი გახდა ჩვენი საგარეო პოლიტიკა, კონსტიტუციაში კი ევროპაა ჩაწერილი. ყოველდღიური განცხადებები და ქმედებები კი ევროპისგან გვაშორებს და იზოლაციისკენ მივყავართ. ისმის კითხვა: სად გაქრა სიტყვები, „ევროპა ჩვენი ცივილიზაციური არჩევანია“?

ჩვენ ვექიშპებით და ვლანძღავთ ჩვენს მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებს. ქვეყნებს, რომლებმაც 30 წლის განმავლობაში დახმარების ხელი გამოგვიწოდეს, დაგვეხმარნენ, სახელმწიფოს მშენებლობასა და ჩამოყალიბებაში. სამაგიეროდ კი მათ, ვინც ჩვენი ტერიტორიის ოკუპაციას ახდენს დღემდე, ვეგებებით და ვუფრთხილდებით.

ჩვენმა წინაპრებმა, დიპლომატია, დაბალანსებული პოლიტიკა და სიფრთხილეც კარგადი ცოდნენ, თუმცა ეს ღირსებას და პრინციპულობას მოკლებული არასოდეს ყოფილა. არ არსებობს ხალხი, რომელსაც ომის არ ეშინია. ომის სისასტიკე ჩვენსავით, ცოტამ თუ იცის და ცოტას თუ ესმის, მაგრამ საკუთარ საზოგადოებაში შიშის გაღვივება (რაც ადვილია იმქვეყანაში, რომელსაც უამრავი შემოსევა და დაპყრობა ახსოვს) ან ამით მანიპულირება ვერ გახდება წარმატებული მართვის ფორმულა. ყველასთვის გასაგები, რომ იყოს, რასაც ვგულისხმობ, გავიხსენოთ იმედზე გასული ომის მოდელირებული ქრონიკა.

გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა დღეს ვითვლით, თუ რამდენ მილიონს მოგვიტანს „ფრენების საჩუქარი“. ნუთუ ჩვენი ღირსება 200 თუ 300 მილიონად იყიდება?! განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.