ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობს, რომ საქართველოს გვერდით დგას და ეხმარება ამ ქვეყანას ნამდვილი, თავისუფალი, ევროპული დემოკრატიის აშენებაში. ამის შესახებ ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განუცხადა.
- ენტონი ბლინკენი: ქართველ ხალხს ძალიან კარგად ესმის დამოუკიდებლობის, თავისუფლების და დემოკრატიის ფასი
„ქართველ მეგობრებს გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს დღეს და დამოუკიდებლობის აღდგენის 105 წლის თავს, რომელიც ასე ლამაზად აღნიშნა დღეს თავდაცვის ძალების მონაწილეობით. ისინი ძალიან შთამბეჭდავები არიან და ნამდვილად თავგანწირვით იბრძვიან, რომ საქართველომ დაიცვას თავისი საზღვრები, ამ საშინელი აგრესიის ფონზე, რომელიც რეგიონში ხდება.
ეს ყველაფერი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ქართველი ხალხი ერთგულია იმ მიზნის რომელიც დაისახა იმ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, რომელიც არა წლებს, არამედ, საუკუნეებს ითვლის. ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობს, რომ საქართველოს გვერდით დგას და ეხმარება ამ ქვეყანას ნამდვილი, თავისუფალი, ევროპული დემოკრატიის აშენებაში", - განუცხადა ელჩმა მედიას „მთავარი არხის“ ცნობით.
შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, ახლანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა.
რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.