ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტ აქვეყნებს.
„ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი დღეა - დამოუკიდებლობის დღე. საერო ცხოვრებაში, თუ რაიმე სიტყვას უხდება დღე-სასწაული, ეს დღეა. თუ რაიმე გვკრავს, გვაერთიანებს, ემოციურად გვმუხტავს, ეს დღეა და ეს დღე მართლაც ჩვენია, ჩვენი საერთო დღესასწაულია.
არ არსებობს, უფრო აღმატებული, უფრო ამაღლებული, ვიდრე ფასეულობებია და ამ ფასეულობებისთვის ბრძოლაა. თავისუფლება სწორედ ასეთი ფასეულობაა. სიმბოლურია, რომ დღეს მერაბ კოსტავას დაბადების დღეცაა.
ის ამბობდა, რომ თავისუფლებას შენარჩუნება უნდა, არასდროს უნდა შევწყვიტოთ ბრძოლა თავისუფლებისთვის. ასეა, მოპოვებულსაც დაფასება და მუდმივი მოფრთხილება სჭირდება. ჩვენი ღირსეული ადგილის დამკვიდრებისთვის შრომა გვჭირდება, განათლება, ბევრი პროფესიონალი, რადგან პროფესიონალიზმი პატრიოტიზმიცაა, ხოლო თავისუფლება პასუხისმგებლობაა პირველ რიგში. რამდენი მამულიშვილის ოცნება იყო ამ დღეს მოსწრებოდა, რამდენს მტკიცედ სჯეროდა, რომ ეს დღე გარდაუვალად დადგებოდა და სიცოცხლეს სწირავდა, რადგან სწამდა, სჯეროდა, ქვეყნის თავისუფლების, დამოუკიდებლობის.
ეს დღე მათი გამარჯვების დღეა, გულაგებში, გადასახლებებში, ომებში დაღუპული, დახვრეტილი, ქვეყნის დამოუკიდებლობის იდეას თავშეწირული თანამემამულეების დღეა, გიორგი ანწუხელიძისაა ეს დღე, შმაგი სოფრომაძის, შინდისის გმირების, სიცოცხლე რომ უყვარდათ, მაგრამ სიკვდილს თვალისდაუხამხამებლად ჩახედეს თვალებში, იმ ბიჭების და გოგოების გამარჯვების დღეა.
გაუმარჯოს ჩვენს უმშვენიერეს ქვეყანას,
ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს გაუმარჯოს!
დიდება გმირებს!
წინ ევროპისკენ!
წინ განვითარებისკენ!