რა თქმა უნდა, ქალბატონ პრეზიდენტს არ ვუპასუხებ ამ ტრიბუნიდან - ღარიბაშვილი

რა თქმა უნდა, ქალბატონ პრეზიდენტს არ ვუპასუხებ ამ ტრიბუნიდან, მინდა მას წარმატებული დღე ვუსურვო, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელიც მან საგარეო საქმეთა სამინისტროში „დიასპორის ფორუმი 2023“-ზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

„ერთი რამ მინდა აღვნიშნო, ჩვენ გვაქვს საზეიმო განწყობა, ჩვენ გუშინ განსაკუთრებულად აღვნიშნეთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და მე, როგორც რიგით მოქალაქეს, ყოველთვის ასე მიმაჩნდა და მიმაჩნია დღესაც, რომ მინიმუმ, ამ დღეს ვერთიანდებით და ეს დღე უნდა იყოს ურთიერთპატივისცემის, სიყვარულის გამოხატულების დღე და ეს უნდა იყოს გამაერთიანებელი დღე - ეს იქნებოდა, ჩემი პასუხი. რაც შეეხება პროტოკოლის წესებს, მთავრობას ჰყავს ძალიან კვალიფიციური პროტოკოლის სამსახურის უფროსი, ბატონი დავით ზანთარაია.

მინდა მას მადლობა გადავუხადო, ასევე ბატონ ილია დარჩიაშვილის უწყების ყველა თანამშრომელს მინდა მადლობა გადავუხადო, საკონსულოების წარმომადგენლებს, ხელმძღვანელებს, ყველას მინდა მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.


ცნობისთვის, დღეს, საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პროტოკოლის დარღვევაზე ისაუბრა. ზურაბიშვილის შეფასებით, „ეს არის პირველი უაზრო დაპირისპირების საგანი“. პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და აღნიშნა, რომ „არ შეიძლება 26 მაისს თავდაცვის მინისტრი ჯერ პრემიერს მიესალმოს და მერე პრეზიდენტს, უმაღლეს მთავარსარდალს“.