თუ ვინმეს ჰქონდა ხელისუფლებიდან ვიზიტების მცდელობა რუსეთთან, თუ ვინმე ითხოვდა ფრენების, ვაჭრობის აღდგენას, ეს იყო სააკაშვილის მთავრობა - ღარიბაშვილი

რუსეთის პრეზიდენტის ნათქვამზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ, რომ თითქოს, „საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დააყენა ვიზების გაუქმებასთან და საჰაერო მიმოსვლის ნორმალურად აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები“, დღეს საქართველოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მედიის რიგ წარმიმადგენლებს მოუწოდა, ნუ შეჰყავთ ხალხი შეცდომაში.

„მინდა გითხრათ ძალიან მარტივად, რომ არ დაიწყოთ სიყალბის გავრცელება - ჩვენ, ოფიციალურ ხელისუფლებას, გვაქვს გაცხადებული არაერთხელ, რომ ჩვენ რუსეთის ხელისუფლებასთან პოლიტიკური დიალოგი არ გვაქვს! ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ეკონომიკურ-სავაჭრო საკითხებზე.

ეს გაცხადებულია, ღიაა, ამის თაობაზე დასამალი არაფერი გვაქვს. მე ასევე მინდა გითხრათ, თუ ვინმეს ჰქონდა ხელისუფლებიდან მცდელობა კონტაქტების და ვიზიტების, ეს არის სააკაშვილის ხელისუფლება. ჩვენ გვყავს ოფიციალური წარმომადგენელი და ჩვენ არ გვქონია.

ოფიციალურ მთავრობას, ჩვენს ხელისუფლებას არ ჰქონია ამის თაობაზე არავითარი მოლაპარაკებები. ჩვენ ძალიან ბევრი დიასპორის წარმომადგენელი ვიცით, რომ ითხოვდა ამას. ქართული ბიზნესი ითხოვდა ამას, ვიცი რომ სხვა ჯგუფებიც ითხოვდნენ ამას და ეს ხდებოდა წლების განმავლობაში. მთავარი მინდა გითხრათ, თუ ვინმე ითხოვდა რუსეთთან ფრენების აღდგენას, ვაჭრობის აღდგენას, ეს იყო სააკაშვილი და მისი მთავრობა. მე ვფიქრობ, ჩემი განცდა ასეთია, რომ რუსეთის პრეზიდენტი [თავის განცხადებაში] ალბათ, სააკაშვილის მთავრობას გულისხმობდა“, - განაცხადა პრემიერმა.


საქართველოსთან პირდაპირი ფრენებისა და ვიზების გაუქმების საკითხზე პუტინმა რუსული საზოგადობრივი ორგანიზაციის, „საქმიანი რუსეთის“ წევრებთან შეხვედრისას ისაუბრა.

„მეგონა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობამ არაერთხელ დასვა საკითხი ვიზების გაუქმებისა და ნორმალური საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ და ჩვენ ეს შემხვედრი ნაბიჯი გადავდგით“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა 26 მაისს.