საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, ალექსანდრე ლომთათიძის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდზე დამსწრე საზოგადოებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილი გააცნო.
წერილში აღნიშნულია, რომ ალექსანდრე ლომთათიძეს ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტზე და დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის მომზადებაში.
„სიმბოლურია, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღნიშვნის პერიოდში სამშობლოში დაბრუნდა ნეშტი საქართველოს ეროვნული საბჭოს და საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს დამფუძნებელი კრების აქტიური წევრის, სამშობლოსათვის თავდაუზოგავი მებრძოლის, ალექსანდრე ლომთათიძისა.
გვსურს იმ ფაქტის აღნიშვნაც, რომ 1917 წლის 25 მარტს, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს, ნოე ჟორდანიას დავალებით საზეიმო მისასალმებელი სიტყვა სწორედ მან წარმოთქვა.
ბატონ ალექსანდრეს ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტზე და დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის მომზადებაში...
იყო შესანიშნავი ორატორი, ერთგული მეგობარი და ძლიერი პიროვნება. იგი არ შეუშინდა წითელ ტერორს და ბოლშევიკების მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგაც პრინციპულად არ დატოვა სამშობლო.
ალე ციმბირში გადაასახლეს, სადაც დიდ შეჭირვებაში ცხოვრობდა, მაგრამ აქაც მზრუნველობას შესაძლებლობისამებრ ყველას უწევდა. ტანჯული სიცოცხლე კი 1924 წელს ტაშკენტის ციხეში დაასრულა.
და, აი, 99 წლის შემდეგ, ღვთის ნებით და საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევით, მშობლიურ მიწას უბრუნდება მისი ნეშტი; მისი ჩამოსვენება ტკივილთანაც არის დაკავშირებული და სიხარულთანაც.
ტკივილთან იმიტომ, რომ გვახსენდება ათეისტური მმართველობის უმძიმესი პერიოდი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ და ხალხმა გამოიარა; სიხარულთან კი იმიტომ, რომ ბატონი ალექსანდრეს მოღვაწეობა უკავშირდება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯების გადადგმას და დამოუკიდებელი საქართველოსთვის საფუძვლის ჩაყრას, რაც საერთო სახალხო ზეიმს წარმოადგენდა.
აღვავლენთ ლოცვებს ბატონი ალექსანდრეს უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო მის შთამომავალთ და ახლობლებს მიმადლოს მშვიდობა“, - აღნიშნულია წერილში.