რუსეთის საჰაერო თავდასხმისას ოდესის პორტი დაზიანდა

წუხელ, უკრაინაზე რუსეთის მასირებული შეტევისას ოდესის პორტი დაზიანდა. უკრაინის თავდაცვის ძალების „სამხრეთის“ სარდლობის ცნობით, უკრაინის სამხრეთში რუსეთის ძალებმა გამოიყენეს ირანული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატები.

სარდლობის ინფორმაციით, 3 დრონი ნიკოლაევის ოლქის თავზე გაანადგურეს, ხოლო ერთი - ოდესაში.

საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ მოგერიებული უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევებმა საზღვაო პორტის ინფრასტრუქტურა დააზიანა.


უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, რუსეთის ძალები უკრაინას რაკეტებითა და დრონებით უტევდნენ. კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ინფორმაციით, აფეთქებების ხმები დედაქალაქის სამ რაიონში ისმოდა. საჰაერო თავდაცვის სისტემა ამოქმედდა ოდესის, ნიკოლაევის, ხერსონის, ვინიცის, დნეპროპეტროვსკის, ხმელნიცკისა და სხვა ოლქებში.