29 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ ქვეყანაში რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის საშიშროების შესახებ გაფრთხილებით გამოვიდა.
ამ საფრთხის დასაძლევად, სანდუ ახალი სამთავრობო ორგანოს შექმნის ინიციატივითაც გამოვიდა. მოლდოვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შესაბამის წინადადებას პარლამენტს წარუდგენს. 30 მაისს პროექტის ტექსტი საჯარო კონსულტაციებისთვის გამოქვეყნდება, ივნისის ბოლოს კი, პარლამენტს განსახილველად წარედგინება.
ცენტრს ორი ძირითადი ფუნქცია ექნება - გამოავლინოს გავრცელებული დეზინფორმაცია, დაუპირისპირდეს ამ კამპანიებს და მიაწოდოს საზოგადოებას სანდო ინფორმაცია. ასევე - სხვა სამთავრობო უწყებებთან იმუშაოს დეზინფორმაციის მიმართ ქვეყნის გამძლეობის გასაძლიერებლად.
„პატრიოტთა ცენტრი“ კოორდინაციას გაუწევს და განახორციელებს სახელმწიფოს სტრატეგიას დეზინფორმაციასთან ბრძოლის შესახებ“, - აღნიშნა სანდუმ.
„რუსეთი ჩვენს ქვეყანას სამხედრო საშუალებებით ვერ დაესხმება თავს, ამიტომ ტყუილების, პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გზით აგრძელებს ჩვენზე თავდასხმას“, - განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა.
სანდუს თქმით, რუსეთი ჰიბრიდული თავდასხმებით მოლდოვის მოქალაქეებსა და მათ მთავრობას შორის უნდობლობის დათესვას ცდილობს.