ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ქვეყანა ვაქცინის მიღებას სამი გზით ცდილობს.
მისი თქმით, ვაქცინის გაყიდვა მსოფლიოში დღეს სხვადასხვა მექანიზმებით მკაცრად რეგულირდება.
„ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი, რომლითაც ვაქცინის შესყიდვა კონტროლდება, არის კოვაქსის პლატფორმა, რომელიც სახელმწიფო დონეზე რეგულირდება. ასევე, ისევ სახელმწიფო დონეზე, ბილატერალური ხელშეკრულებები შესაძლოა გაფორმდეს ქვეყნებს და მწარმოებლებს შორის - მსგავსი ხელშეკრულებები აქვთ ევროპის ქვეყნებს. გარდა ამისა, ჩვენთვის ვაქცინის მიღების მესამე გზა არის შეთანხმება ვაქცინის მწარმოებლებს, ევროკავშირის ქვყნებს და საქართველოს შორის იმასთან დაკავშირებით, რომ მათ თავიანთი წილი ვაქცინა გაგვიზიარონ.
კომერციული ანუ კერძო სექტორის წილი არ იკვეთება და ყველაფერი ამ დრომდე სახელმწიფოთშორისი მოლაპარაკების დონეზეა. სამომავლოდ, როცა მიწოდება მეტი იქნება და ვაქცინების წარმოება გაიზრდება, შესაძლებელია, რომ კერძო სექტორს ჰქონდეს გარკვეული როლი და ვისაუბროთ ამ ბაზარზე კომერციულ სეგმენტზე“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
გაბუნია, გამოეხმაურა პოლიტიკოსების მიმართვას იმის თაობაზე, რომ მთავრობამ უნდა გაასაჯაროოს ის ხელშეკრულებები, რომელიც ვაქცინის მიღებას ეხება.
მინისტრის მოადგილის თქმით, "არსებობს მასალები, რომელთა მიღება ყველას შეუძლია იურიდიულად, თუმცა ზოგიერთი დოკუმენტი საჯარო არ არის".