მხარს ვუჭერთ იმ სამუშაოს, რომელსაც უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ახორციელებენ - იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი აცხადებს, იტალია მხარს უჭერს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ძალისხმევას, გახდნენ ევროკავშირის წევრები.
"ჩვენ ვიქნებით უკრაინასთან, დავეხმარებით მათ ყოველთვის, ვიდრე საჭირო იქნება. ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ სამუშაოს, რომელსაც უკრაინა, მოლდოვა და საქართველო, ასევე დასავლელი პარტნიორები აკეთებენ იმისთვის, რომ გაწევრიანდნენ ევროკავშირში, რაც ნიშნავს არა ევროკავშირის გაფართოებას, არამედ ევროკავშირში ყველას ერთად უკან დაბრუნებას“, – განაცხადა მელონიმ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტზე.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.
ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.
ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.