მთავრობის ადმინისტრაცია და კიდევ 19 უწყება გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტებს არ აქვეყნებს - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“

20 სახელმწიფო უწყება გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტებს არ აქვეყნებს, მათ შორის, არიან ისეთი მნიშვნელოვანი უწყებები, როგორებიცაა: მთავრობის ადმინისტრაცია, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და სხვა, - ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოუქვეყნებელი კონტრაქტების პრობლემა ნაწილობრივ აღმოიფხვრა, 2017 წელს 50-მდე უწყების კონტრაქტები არ ქვეყნდებოდა და სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული შესყიდვების გარდა, კანონით დაუშვებელია „გამოუქვეყნებელი კონტრაქტების“ არსებობა, რადგან ეს კორუფციული შეთანხმებების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.

„გასულ წლებში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ არაერთხელ აღნიშნავდა, რომ გარკვეული სახელმწიფო უწყებების მიერ გამარტივებული შესყიდვის გზით დადებული კონტრაქტები სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში არ ქვეყნდება, რასაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ტექნიკური ხარვეზით ხსნიდა.

20-მა სახელმწიფო უწყებამ სხვადასხვა დროს შეწყვიტა გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტების გამოქვეყნება ან არასდროს გამოუქვეყნებიათ. ამასთან, ზოგიერთ მათგანს მხოლოდ რამდენიმე კონტრაქტი აქვს გასაჯაროებული.

გამოუქვეყნებელი კონტრაქტები რომ არსებობს, მაგრამ არ ქვეყნდება, ამას ადასტურებს სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის SMP მოდული, სადაც სახელმწიფო უწყებების მიერ შესყიდვების სააგენტოსთან გამარტივებული შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობები ქვეყნდება. 2020-2023 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ 338 შესყიდვაზე მოითხოვა გამარტივებული გზით განხორციელების უფლება. მთავრობის ადმინისტრაციამ 26 შესყიდვაზე მოითხოვა გამარტივებული გზით განხორციელების უფლება, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 11-ზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 41-ზე და ა.შ.

შესყიდვების გამოქვეყნების ვალდებულება არ ვრცელდება „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საიდუმლოებასთან დაკავშირებულ სახელმწიფო შესყიდვებზე. შსს-ს და უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე სხვა უწყებების ყველა შესყიდვა არ არის დაკავშირებული საიდუმლოებასთან. არასაიდუმლო შესყიდვების ყველა კონტრაქტი უნდა ქვეყნდებოდეს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება N13-ის მე-9 მუხლით განსაზღვრულია, რომ გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება შემსყიდველმა ორგანიზაციამ სისტემის CMR მოდულში მისი დადებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში უნდა ატვირთოს.

მიმდინარე წლის აპრილში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ წერილით მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და სთხოვა, ეცნობებინა, თუ რა არის კონკრეტული უწყებების მიერ გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტების არ გამოქვეყნების მიზეზი და რა ღონისძიებები გაატარა სააგენტომ აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად. შესყიდვების სააგენტომ გვაცნობა, რომ სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად ნაწილობრივ აღმოფხვრილ იქნა CMR მოდულში ხელშეკრულებების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით არსებული ტექნიკური ხარვეზები და სააგენტო ამჟამადაც ახორციელებს ქმედებებს ტექნიკური ხარვეზების სრულად აღმოფხვრის მიზნით.

ამასთან ერთად, სააგენტო აღნიშნავს, რომ 2025 წლის 1 იანვრიდან ძალაში შედის ახალი კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, რაც კანონში ასახული სიახლეების დანერგვისთვის შესყიდვების ელექტრონული სისტემის სრულ მოდიფიცირებას ისახავს მიზნად. ელექტრონული სისტემის განახლება კი არსებული ტექნიკური ხარვეზების სრულ აღმოფხვრას შეუწყობს ხელს.

გამოუქვეყნებელი კონტრაქტების პრობლემა რომ ნაწილობრივ აღმოიფხვრა, ამას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევებიც ადასტურებს. 2017 წელს 50-მდე უწყების კონტრაქტები არ ქვეყნდებოდა, ახლა კი ასეთ უწყებების რიცხვი 20-ია. თუმცა, ეს არ ამართლებს იმას, რომ ჩვენს მიერ ამ პრობლემაზე პირველად დაწერიდან 6 წლის შემდეგაც 20 უწყების, მათ შორის მსხვილი უწყებების კონტრაქტები ისევ არ ქვეყნდება. 6 წელი საკმარისზე მეტი დროა ტექნიკური ხარვეზის სრულად აღმოსაფხვრელად. კონტრაქტების გაუმჭვირვალობა კორუფციული რისკების მონიტორინგს შეუძლებელს ხდის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და შემსყიდველ ორგანიზაციებს, მეტი ყურადღება მიაქციონ გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტების გამოქვეყნების საკითხს.

მათივე შეფასებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში უნდა შევიდეს ცვლილება, რის შედეგადაც სახელმწიფო შესყიდვების პროცესში შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი საჯაროობის სტანდარტების დარღვევა სამართალდარღვევად უნდა იქნეს მიჩნეული.