დღეს მართლმადიდებელი ქრისტიანები სულთმოფენობის დღესასწაულს აღნიშნავენ

დღეს მართლმადიდებელი ქრისტიანები სულთმოფენობის დღესასწაულს აღნიშნავენ.

სულიწმიდის მოფენა, ანუ სულთმოფენობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქრისტიანული დღესასწაულია. ის აღინიშნება აღდგომის ორმოცდამეათე (მეერგასე) დღეს.

მართლმადიდებლური სწავლებით, სულთმოფენობა ეს არის ქრისტეს მიწიერი მისიის დაგვირგვინება, მისი განკაცებით აღთქმის აღსრულება. ეს არის უმთავრესი მოვლენა, ქრისტიანული რწმენის დაარსებაში, ღმერთთან გაწყვეტილი კავშირის აღდგენაში, კაცთა მოდგმის ხსნის განგებულების საქმეში, რომელსაც მოჰყვა საუკუნო მეუფება უფლისა. მართლაც, სულთმოფენობა ერთი მხრივ, აგვირგვინებს და ასრულებს ქრისტეს მიწიერ მოღვაწეობას, მეორე მხრივ კი, იწყებს ახალ ეპოქას მსოფლიოს ხალხების ქრისტიანულ ეკლესიაში გაერთიანებისა, რაც განკითხვის დღით ბოლოვდება.

სწორედ ამ დღეს უკავშირდება დედაეკლესიის დაარსება და მოციქულები სხვადასხვა ენაზე ამეტყველება. ახალი აღთქმის თანახმად, ამ დღეს სიონის მთაზე იყო შეკრებილი 120 ადამიანი, იქ იყო ღვთისმშობელიც და ისინი ელოდებოდნენ აღთქმულს, ანუ, მათ იცოდნენ, რომ უნდა დაარსებულიყო დედაეკლესია და სულიწმიდა გადმოსულიყო იქ შეკრებილ საზოგადოებაზე. მართლაც, როცა ისინი ერთად ლოცულობდნენ, გადმოვიდა სულიწმიდა ცეცხლოვანი ენის სახით და „დაადგრა მოციქულთა ზედა“. ამ მოვლენას ძალიან ბევრი ადამიანი დაესწრო და მოისმინეს, თუ როგორ ამეტყველდნენ მოციქულები სხვადასხვა ენაზე.

ამ დროს მოციქულებს მიეცათ მადლი ღვთის სიტყვის ქადაგებისა, რათა მათ სხვადასხვა ქვეყანაში ექადაგათ უფლის სარწმუნოება. რადგან ისინი უბრალო მეთევზეები, მებადურები იყვნენ და წერა-კითხვა არ იცოდნენ, უცებ ვერ ისწავლიდნენ სხვადასხვა ენას, ამიტომ ისინი სულიწმიდის მადლით ამეტყველდნენ იმ ენაზე, რომელ ენაზეც ამა თუ იმ ქვეყანაში უნდა ექადაგათ ჭეშმარიტი სარწმუნოება.