დინამიკურად ვითარდებოდა NATO-საქართველოს თანამშრომლობა. NATO-ში საქართველოს გაწევრების პროცესის ხელშესაწყობად, გაიმართა კონსულტაციები და მაღალი დონის შეხვედრები თბილისში, ბრიუსელსა და NATO-ს წევრი ქვეყნების დედაქალაქებში, - ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 2022 წლის ივნისიდან - 2023 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს.
„2022 წლის 30 ნოემბერს საქართველოს დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით, ბუქარესტში გამართულ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალს დაესწრო. აღსანიშნავია, რომ მინისტერიალის დასკვნით განცხადებაში მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის ჩანაწერი და მიიღეს კონკრეტული გადაწყვეტილებები, მადრიდის სამიტზე დამტკიცებული, საქართველოზე მორგებული დახმარების პაკეტის იმპლემენტაციის თაობაზე.
საანგარიშო პერიოდში, ალიანსმა შეიმუშავა 2022 წლის წლიური ეროვნული პროგრამის განხორციელების შეფასების დოკუმენტი, რომელიც დადებითად აფასებს საქართველოში სხვადასხვა სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და მნიშვნელოვან პროგრესს ნატოში გაწევრიანების გზაზე. 2023 წლის მარტში კი, საქართველომ შეიმუშავა 2023 წლის რიგით მე- 15 წლიური ეროვნული პროგრამა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილი საბოლოო დოკუმენტი წარედგინა ნატოს მხარეს 17 მაისს, ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე.
მიმდინარეობდა ნაყოფიერი მუშაობა NATO-საქართველოს კომისიის ფარგლებშიც. საანგარიშო პერიოდში ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის 8 სხდომა“,- ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, ტრადიციულად მჭიდრო მეგობრული კავშირების განმტკიცების, ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბების მიზნით და საქართველოს ევროპული პერსპექტივის გათვალისწინებით, საანგარიშო პერიოდში, შედგა უპრეცედენტო რაოდენობის უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლა საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის - 36 ორმხრივი ვიზიტი.
„პროაქტიულად, დაიგეგმა და განხორციელდა ასევე საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები ევროპელ კოლეგებთან, საერთაშორისო ფორუმების ფარგლებში. პოლიტიკური კონსულტაციების ფორმატში შეხვედრები გაიმართა კვიპროსთან, ლიეტუვასთან, რუმინეთთან, სლოვენიასთან, იტალიასთან, ირლანდიასთან.
განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს საქართველოს ევროპული მომავლისადმი გერმანიის მხრიდან დაფიქსირებული ღია პოლიტიკური მხარდაჭერა“,-ნათქვამია ანგარიშში.
მათივე ცნობით, გრძელდებოდა მუშაობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით საქართველოსთვის გათვალისწინებული საფლაგმანო ინიციატივების განხორციელების კუთხით.
„ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია გაწეული ძალისხმევა შავ ზღვაზე დაკავშირებადობის განვითარების მიზნით, მათ შორისაა საქართველოს მიერ ინიციირებული შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის სტრატეგიული პროექტი. 2022 წლის 15 ნოემბერს ევროკავშირის ინიციატივით საქართველოს (მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად) მიენიჭა დამკვირვებლის სტატუსი „ტრანსპორტის გაერთიანების“ (TCT) შესაბამის ორგანოებში.
მომზადდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2023 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა და 2022 წლის სამოქმედო გეგმის 6 თვისა და წლის ანგარიშები, მომზადდა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ფარგლებში არსებული ვალდებულებების შესრულების 2022 წლის ანგარიში, რომელიც წარედგინა ევროკომისიას“,- ნათქვამია ანგარიშში.
მთავრობის ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ 2022 წლის ივნისს, ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველოსთვის მიენიჭებინა ევროპული პერსპექტივა, საქართველომ სამეზობლო პოლიტიკიდან გაფართოების ქვეყნების რიგებში გადაინაცვლა და გადაწყვეტილებისთანავე შეუდგა ევროკომისიის მიერ კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულებას.
„ამ მიზნით, პარლამენტში ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფები პარლამენტის წევრების, მათ შორის, საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების, სამთავრობო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით.
საქართველოს მიერ ამ კუთხით განხორციელებული ძალისხმევის თაობაზე მაქსიმალური ინფორმირების მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით შეიქმნა უწყებათშორისი ჯგუფი, რომელმაც საანგარიშო პერიოდში არაერთი ვიზიტი განახორციელა ევროკავშირის დედაქალაქებში და შეხვედრები გამართა როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
2023 წლის თებერვალში ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანალიტიკური ანგარიში, რომელიც ავსებს 2022 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ევროკომისიის მოსაზრებას და აფასებს ევროკავშირთან საქართველოს ინსტიტუციური და სამართლებრივი დაახლოების დონეს. ანგარიშის თანახმად, საქართველო წევრობისთვის მომზადების დონით 6 მიმართულებიდან 3-ში უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას, კერძოდ, ესენია: ფუნდამენტური საკითხები, კონკურენტუნარიანობა და შიდა ბაზარი.
უნდა აღინიშნოს ევროპარლამენტის დოკუმენტებსა და ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოებისა და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის შესახებ ანგარიშებში ასახული მხარდაჭერა საქართველოს ევროპული პერსპექტივისა და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
ამასთანავე, ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული სამართლებრივი დაახლოების პროცესის ეფექტიანი მონიტორინგისთვის შემუშავდა ევროკავშირთან სამართლებრივი დაახლოების ვალდებულებების ელექტრონული აღრიცხვისა და მონიტორინგის სისტემა, რომელიც 2023 წლის ივნისიდან ამოქმედდება. ელექტრონული პლატფორმა აღრიცხავს მონაცემებს მიმდინარე, შესრულებულ თუ სამომავლო საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების ევროკავშირის სამართალთან ჰარმონიზაციის შესახებ. ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობის შეფასების კუთხით, სამართლებრივი ექსპერტიზის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში მომზადდა 68 სამართლებრივი დასკვნა ასოცირების შესახებ შეთანხმებით განსაზღვრულ ევროკავშირის დირექტივებთან, რეგულაციებსა და გადაწყვეტილებებთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების/ჰარმონიზაციის მიზნით სხვადასხვა უწყების მიერ შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტებთან დაკავშირებით“, - წერია ანგარიშში.
ცნობისთვის, სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენება პარლამენტს უკვე წარედგინა. ანგარიში 2022 წლის ივნისიდან - 2023 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი აღნიშნულ ანგარიშს პარლამენტს 30 ივნისს პირადად გააცნობს.
ცნობისთვის, სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენება პარლამენტს უკვე წარედგინა. ანგარიში 2022 წლის ივნისიდან - 2023 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი აღნიშნულ ანგარიშს პარლამენტს 30 ივნისს პირადად გააცნობს.