სანქციების იმპლემენტაციის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოს 26-28 ივნისს ეწვევა

სანქციების იმპლემენტაციის დარგში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, დევიდ ო'სალივანი საქართველოს 26-28 ივნისს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს ევროკომისიის სპიკერმა დაუდასტურა.

ცნობილია, რომ დეივიდ ო’სალივანი ეწვევა რიგ მესამე ქვეყნებს, რათა განიხილოს ევროკავშირის მუშაობა სანქციების იმპლემენტაციასა და სანქციებისთვის გვერდის ავლის საწინააღმდეგო ზომებთან მიმართებით.

დევიდ ო'სალივანი უკვე იმყოფებოდა ყირგიზეთში, სადაც განაცხადა: „ჩვენ პატივს ვცემთ იმ ქვეყნების აზრს, რომლებიც მხარს არ უჭერენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. მაგრამ ჩვენ არ გვსურს, რომ ისინი გახდნენ პლატფორმა სანქციების გვერდის ავლისთვის“.

როგორც დევიდ ო’სალივანმა აღნიშნა, მას ესმის, რომ ყირგიზეთსა და რუსეთს აქვთ ძლიერი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები და მათ არავინ გაანადგურებს.


ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. 

ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.

საქართველო ახლა 12 რეკომენდაციის შესრულების ეტაპზეა, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.