ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი 12 პრიორიტეტის შესრულებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მაქსიმალური პროგრესის მიღწევისთვის დრო ჯერ კიდევ არის.
ევროკავშირის ელჩის შეფასებით, ახლა ევროკომისია მუშაობს გაფართოების ანგარიშის შემუშავებაზე, რომელიც დაფუძნებული იქნება მათ შორის იმ ინფორმაციაზე, რომელსაც მას საქართველოს ხელისუფლება აწვდის.
„რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ შემიძლია განვმარტო პროცესი - ახლა ევროკომისია მუშაობს ე.წ. გაფართოების ანგარიშზე. ეს გაფართოების ანგარიში დაფუძნებულია ბევრ სხვადასხვა ინფორმაციაზე, მათ შორის, იმაზე, რომელიც მივიღეთ საქართველოს ხელისუფლებისგან.
ანგარიში გამოქვეყნდება ოქტომბერში, აქედან გამომდინარე, ჯერ კიდევ გვაქვს გარკვეული დრო იმისთვის, რათა უზრუნველვყოთ მაქსიმალური პროგრესი 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით და შემდეგ ყველაფერი დამოკიდებული იქნება 27 წევრ ქვეყანაზე, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, პრეზიდენტებისა და პრემიერების დონეზე, გადაწყვიტონ, რა იქნება შემდგომი ნაბიჯები საქართველოსთან დაკავშირებით.
თუ მეკითხებით ჩემს პირად მოსაზრებას, გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, მაგრამ გადაწყვეტილება არის 27 წევრი ქვეყნის ხელში უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.
ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.
ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
საქართველო ახლა 12 რეკომენდაციის შესრულების ეტაპზეა, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.