უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის დაუყოვნებლივ გამართვას მოითხოვს, რათა განიხილონ რუსეთის მიერ კახოვკის კაშხლისა და ჰიდროელექტროსადგურის აფეთქება. სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, მტკიცედ დაგმოს რუსეთის ტერაქტი. კიევმა ასევე მოუწოდა გაეროს ატომური სააგენტოს მმართველთა საბჭოს, განიხილოს ინციდენტი და მოითხოვა ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ G7-ისა და ევროკავშირისგან, განსაკუთრებული აქცენტით რუსეთის სარაკეტო მრეწველობასა და ბირთვულ სექტორზე.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე მოუწოდა ევროკავშირს, ჩართოს თავისი სამოქალაქო დაცვის მექანიზმი, რომელსაც გაჭირვებულთათვის ბუნებრივი ან ადამიანის მიერ გამოწვეული კატასტროფის შემდეგ დახმარების უზრუნველყოფა შეუძლია.
უწყების შეფასებით, აფეთქება არის ეკოლოგიური და ტექნოლოგიური ტერორისტული აქტი, ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კატასტროფა ევროპაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში, რუსეთის მიერ უკრაინელების წინააღმდეგ გენოციდის კიდევ ერთი მაგალითი.
„ჩვენ განვიხილავთ რუსეთის ფედერაციის მიერ ჰესის კაშხლის აფეთქებას, როგორც ტერორისტულ აქტს უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავს რაც შეიძლება მეტი მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლისა და ნგრევის გამოწვევას.
კახოვკის ჰესზე მომხდარი ტერაქტი ადრე ინტენსიურად განიხილებოდა ხერსონის ოლქის საოკუპაციო ძალებისა და რუსული ტელევიზიის პროპაგანდისტების დონეზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის წინასწარ იყო დაგეგმილი", - ნათქვამია განცხადებაში.