უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბარი გამართეს და კახოვკის ჰესის კაშხლის ნგრევის შედეგები განიხილეს.
მაკრონმა Twitter-ზე დაწერა, რომ საფრანგეთი უკრაინას რამდენიმე საათში დახმარებას გაუწევს.
"პრეზიდენტ ზელენსკისთან გამოვხატე ჩემი სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ კახოვკის კაშხალზე თავდასხმის შემდეგ. საფრანგეთი გმობს ამ სასტიკ აქტს, რომელიც საფრთხეს უქმნის მოსახლეობას. უახლოეს საათებში ჩვენ გავაგზავნით დახმარებას გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად", - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
„განვიხილეთ საერთაშორისო მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობა მისი [კახოვკის კაშხლის აფეთქების] მიზეზების გამოსაძიებლად. შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას, კერძოდ, ჩვენი ცის დასაცავად. ველოდებით უკრაინელი მფრინავების მომზადების სწრაფად დაწყებას. განვიხილეთ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების ფორმატები, მოლოდინები NATO-ს ვილნიუსის სამიტიდან და მზადება გლობალური სამშვიდობო სამიტისთვის“, - განაცხადა თავის მხრივ ზელენსკიმ.