NATO-ს ყოფილი გენმდივანი არ გამორიცხავს, რომ წევრმა ქვეყნებმა ზომები ინდივიდუალურად მიიღონ და უკრაინაში ჯარები გაგზავნონ

NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეა, გამოთქვა ვარაუდი, რომ NATO-ს წევრმა გარკვეულმა ქვეყნებმა, შესაძლოა, გამოთქვან მზადყოფნა უკრაინაში ჯარების განთავსებასთან დაკავშირებით, თუ წევრი სახელმწიფოები, მათ შორის აშშ, ვილნიუსში ალიანსის სამიტზე კიევს უსაფრთხოების ხელშესახებ გარანტიებს არ მისცემენ.

რასმუსენის შეფასებით, თუ NATO ვერ შეთანხმდება უკრაინასთან დაკავშირებით წინსვლის მკაფიო გზაზე, აშკარაა იმის შესაძლებლობა, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ ინდივიდუალურად მიიღოს ზომები.


ის მაგალითად გამოყოფს პოლონეთს, რომელიც ძალიან არის ჩართული უკრაინისთვის კონკრეტული დახმარების გაწევაში და არ გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ პოლონეთი კიდევ უფრო ძლიერად ჩაერთოს ამ კონტექსტში ეროვნულ საფუძველზე და მას მოჰყვნენ ბალტიის ქვეყნები, შესაძლოა, ადგილზე ჯარების განთავსების ჩათვლით.

„ვფიქრობ, პოლონელები სერიოზულად განიხილავენ შესვლას და მსურველთა კოალიციის შეკრებას, თუ უკრაინა ვილნიუსში არაფერს მიიღებს. ჩვენ არასათანადოდ არ უნდა შევაფასოთ პოლონეთის გრძნობები, პოლონელები გრძნობენ, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში დასავლეთ ევროპა არ უსმენდა მათ გაფრთხილებებს ჭეშმარიტი რუსული მენტალიტეტის შესახებ”, - აღნიშნა რასმუსენმა.

ის ხაზს უსვამს, რომ აუცილებელია, უკრაინამ უსაფრთხოების წერილობითი გარანტიები მიიღოს, სასურველია სამიტამდე, მაგრამ NATO-ს ჩარჩოს მიღმა. ეს უნდა მოიცავდეს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას, ერთობლივ წვრთნებს, საბრძოლო მასალის გაძლიერებულ წარმოებას, NATO-სთან თავსებადობას და შეიარაღების მიწოდებას, რომელიც საკმარისი იქნება რუსეთის შემდგომი თავდასხმისგან შეკავებისთვის.


რასმუსენი აქვე მიუთითებს, რომ რომ უსაფრთხოების გარანტიები არ იქნება საკმარისი.

„NATO-ს ზოგიერთი მოკავშირე შესაძლოა, უსაფრთხოების გარანტიების მომხრე იყოს, რათა რეალურად თავიდან აიცილოს რეალური დისკუსია უკრაინის გაწევრიანების მისწრაფებებთან დაკავშირებით. ისინი იმედოვნებენ, რომ უსაფრთხოების გარანტიების მიწოდებით, შეძლებენ თავიდან აიცილონ ეს კითხვა. არა მგონია, რომ ეს შესაძლებელია. ვფიქრობ, NATO-ს საკითხი ვილნიუსის სამიტზე დადგება“.

„ისტორიამ აჩვენა, რომ სახიფათოა უკრაინის NATO-ს მოსაცდელ ოთახში განუსაზღვრელი ვადით დატოვება“, - აცხადებს ალიანსის ყოფილი გენმდივანი.


რასმუსენს მიაჩნია, რომ გაწევრიანების გზა უნდა გამორიცხავდეს ისეთი წინაპირობების დადგენას, როგორიცაა NATO-ს წევრობის სამოქმედო გეგმა, რაც არც შვედეთს და არც ფინეთს არ მოეთხოვათ. მან ასევე უარყო არგუმენტი, რომ არ არის შესაძლებელი უკრაინისთვის NATO-ში გაწევრიანების გზის შეთავაზება, ვიდრე ომი არ დასრულდენა. რასმუსენი ხაზს უსვამს, რომ ეს პუტინს ვეტოს მიანიჭებს.