მრგვალი მაგიდა ეძღვნება ევროპაში დემოკრატიის მდგომარეობას. ყველა თემასთან დაკავშირებით გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას, მათ შორის საქართველოს პერსპექტივიდან, ვეცდებით, დავანახოთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს არსებული ვითარება და ტენდენციები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ირლანდიაში განუცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-9 სამიტში მონაწილეობს.
მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, უამრავი გამოწვევაა მთლიანად კონტინენტის მასშტაბით, მათ შორის უსაფრთხოების კუთხით.
“ნარკოტიკები არის ერთ-ერთი აქტუალური თემა. რაც შეეხება მრგვალ მაგიდას, მრგვალი მაგიდა ეძღვნება ევროპაში დემოკრატიის მდგომარეობას. ყველა თემასთან დაკავშირებით გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას, მათ შორის საქართველოს პერსპექტივიდან ვეცდებით, დავანახოთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს არსებული ვითარება და ტენდენციები.
აქ გაქვს საშუალება, ბევრ ლიდერს გაესაუბრო, ხანდახან ეს საუბრები არის ხანმოკლე, მაგრამ ყველა შემთხვევაში ძალიან ღირებული. ეს ფორმატი, ეს სამიტი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მრავალრიცხოვან ლიდერებს ვესაუბროთ ევროპის მასშტაბით და მაქსიმალურად გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
კობახიძის განცხადებით, სამხრეთ კავკასია და კონკრეტულად საქართველო რჩება ერთადერთ სახმელეთო კარიბჭედ აღმოსავლეთის მიმართულებით.
პრემიერ-მინისტრით თქმით, საქართველოს აქვს საკვანძო როლი ამ მიმართულებით.
„საქართველოს როლი არის ამ კუთხით საკვანძო, მათ შორის, გამომდინარე იქიდან, რომ ევროპისთვის, სამწუხაროდ, გადაიკეტა აღმოსავლეთის მიმართულებით გზები მას შემდეგ, რაც რუსეთი არის იზოლირებული ეკონომიკური თვალსაზრისით ევროპის დანარჩენი სივრციდან და მას შემდეგ, რაც ახლო აღმოსავლეთში დაიწყო კონფლიქტი.
სამხრეთ კავკასია და კონკრეტულად საქართველო რჩება ერთადერთ სახმელეთო კარიბჭედ აღმოსავლეთის მიმართულებით, ჩვენ მაქსიმალურად მზად ვართ ამ კუთხით თანამშრომლობისთვის ევროპასთან, ევროკავშირთან და, ბუნებრივია, ამ თემაზეც ვისაუბრებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან,“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.