ნამდვილად ეტყობა, სხვა ქვეყანაზე საუბრობს და მე მგონი, საერთოდ აცდენილია რეალობას, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის მიერ ბრიუსელში, ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს.
- კალიურანდმა ისაუბრა მიზეზებზე, რის გამოც, „საქართველო უკრაინასა და მოლდოვას ჩამორჩება“
- ევროპარლამენტარის თქმით, პროგრესი 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით დღემდე არასრული და ხშირად ზედაპირულია
„სამწუხაროდ, ხშირია ისეთი შემთხვევები, როცა შეურაცხმყოფელ განცხადებებს ვისმენთ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით. არ იფიქროთ, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების მიმართ გაკეთებული განცხადებებია, ეს არის ამ ქვეყნის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები და სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, როგორც ქვეყნის შიგნით, თუ ქვეყნის გარეთ, ჩვენს ქვეყანას, ევროპულ მომავალს, ევროინტეგრაციას ჰყავს მტრები. ჯერ რას ნიშნავს - ზედაპირულად შესრულებულია.
ჩვენ ვთქვით, რომ 12-ვე რეკომენდაცია შესრულებული იქნება ივნისისთვის, პროცესი მიმდინარეობს. ნებისმიერი პარამეტრი ავიღოთ, უკრაინაზე არ ვსაუბრობ, მესმის, რამხელა უბედურება ტრიალებს და რაც ხდება უკრაინაში, მაგრამ როცა ეს კონკრეტული ადამიანი გამოდის და საუბრობს იმაზე, რომ საქართველო მოლდოვას ჩამორჩება, ეს ადამიანი რბილად რომ ვთქვათ, დაცინვის ღირსია. ავიღოთ ნებისმიერი პარამეტრი, ეს ხომ არ არის ჩემ მიერ გამოქვეყნებული პარამეტრები, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული პარამეტრებია და გავაკეთოთ აბსოლუტურად ყველა მიმართულებით შედარებები, ნახავთ თუ როგორ არის ჩვენი ქვეყანა ყველა მიმართულებით და ყველა თვალსაზრისით წინ. მაშინ, როცა არასწორი გადაწყვეტილება იყო მიღებული, როცა სტატუსი არ მოგვანიჭეს, ესეც ძალიან კარგად ვიცით, რისთვის იყო გაკეთებული, უნდოდათ, რომ ეს ქვეყნის შიგნით ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკურად გამოეყენებინათ, მაგრამ ეს ადამიანები მინდა დავარწმუნო და კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ მათ არაფერი გამოუვათ იმისთვის, რომ ამ თვალსაზრისით დაპირისპირება მოახდინონ, მოახდინონ რაღაც რევოლუციები. საქართველოში დღევანდელ ხელისუფლებას ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს და ჩვენ ვართ ის მთავრობა, რომელიც ამ ქვეყნის ინტერესს ატარებს“, - განაცხადა კალაძემ.