რუსეთის ჯარებმა ხერსონის რაიონი დაბომბეს. მანმადე, 8 ივნისს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის სამხრეთში მდებარე რეგიონს ეწვია. იქ მაშველთა ჯგუფები მუშაობენ მდინარე დნეპრზე კაშხლის განადგურებით გამოწვეული ყალდიდობის შედეგად ჩარჩენილი ათასობით ადამიანის გადასარჩენად.
რადიო თავისუფლების ადგილობრივი კორესპონდენტის ცნობით, ხერსონის კორაბელის რაიონში დაახლოებით 14_00 საათზე რამდენიმე ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა (თბილისის დროით 12:00). ამ დროს მაშველები რეზინის ნავებით აგრძელებდნენ ადამიანების ევაკუაციას, რომლებსაც ჯერ კიდევ არ ჰქონდათ დატოვებული სტიქიის ზონა. მოსახლეობამ და მაშველებმა ერთ-ერთ მშრალად გადარჩენილ მონაკვეთზე მდებარე შენობებს შეაფარეს თავი.
ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლექსანდრ პროკუდინმა განაცხადა, რომ რუსები ბომბავდნენ ხერსონის სანაპირო ზონებს და ქალაქ ხერსონის ცენტრს. უკრაინის არმიის ჯარისკაცმა, რომელმაც ვინაობის გამჟღანვება არ ისურვა, რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ რუსეთის არტილერიის მთავარი სამიზნე იყო დატბორილი სარკინიგზო ხიდი.
როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების სპიკერმა ნატალია ჰუმენიუკმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ წყალდიდობამ აიძულა რუსეთის ჯარები, დნეპრიდან აღმოსავლეთით კიდევ უფრო ღრმად დაეხიათ უკან, ისინი განაგრძობდნენ მდინარის იმ ნაპირის დაბომბვას, რომელსაც უკრაინელები აკონტროლებენ, თუმცა ნაკლები ინტენსივობით.
ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, სამაშველო სამუშაოებს კიდევ უფრო აბრკოლებს წყალდიდობის შედეგად გადაადგილებული ნაღმები.
უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, ხერსონის ევაკუაციის დროს დაბომბვის შედეგად სულ მცირე 9 ადამიანი დაიჭრა. ამის შესახებ СNN იტყობინება.
დაშავებულთა შორის არიან საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ორი თანამშრომელი, პოლიციელი, ექიმი და მოხალისე გერმანიიდან, განაცხადა ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრ პროკუდინმა.