ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა, რათა მოსკოვში ისლანდიის საელჩოს დახურვის შესახებ ეცნობებინა. გადაწყვეტილება პირველი აგვისტოდან ამოქმედდება. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
ისლანდიამ ასევე მოსთხოვა რუსეთის ფედერაციას, „შეამციროს რეიკიავიკში საქმიანობის მასშტაბები“ და შეამციროს დიპლომატიური მისიის სტატუსი.
ამასთან, ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ ეს არ ნიშნავს დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტას.
ისლანდია იმუშავებს საელჩოს ხელახლა გახსნაზე.
„დღევანდელი ვითარება უბრალოდ არ იძლევა საშუალებას, რომ ისლანდიის მცირე დიპლომატიურ სამსახურს ჰქონდეს საელჩო რუსეთში. ვიმედოვნებთ, რომ პირობები ოდესმე მოგვცემს საშუალებას, გვქონდეს ნორმალური და ნაყოფიერი ურთიერთობა რუსეთთან, მაგრამ ეს დამოკიდებულია კრემლის გადაწყვეტილებებზე“, - ნათქვამია ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
რუსეთში ისლანდიის საელჩო 1944 წლიდან (გარდა 1951-1953 წლებისა) ფუნქციონირებს, მაგრამ ახლა რუსეთთან სავაჭრო, კულტურული და პოლიტიკური ურთიერთობები ისტორიულ დაბალ დონეზეა.