თუ არ მოუნდებათ, ეს 12 რეკომენდაცია კი არა კიდევ 24 რომ შევასრულოთ, მსგავსი რეკომენდაცია, მაინც არ მოგვცემენ, ამიტომ ეს არის დამოკიდებული პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ევრო-რეკომენდაციების შესრულებასა და კანდიდატის სტატუსის მონიჭების საკითხზე საუბრისას განუცხადა.
„თუ ობიექტური, პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და თუ უნდათ, მოგვცემენ ამ სტატუს, რადგან როდესაც მოუნდათ, ეს სტატუსი დსთ-ში მყოფ ქვეყანას და თუ მოუნდებათ, ჩვენც თავისუფლად მოგვცემენ.
ამის საფუძველი აქვთ საკმარისზე მეტი. თუ არ მოუნდებათ, ეს 12 რეკომენდაცია კი არა კიდევ 24 რომ შევასრულოთ, მსგავსი რეკომენდაცია, მაინც არ მოგვცემენ, ამიტომ ეს არის დამოკიდებული პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე. თუ ამ ქვეყნის დასჯას ვიღაც მოინდომებს და ამის საკმარისი პოლიტიკური ძალა ეყოფა, რომ დასაჯოს იმისთვის, რომ სანქციებს არ უერთდება, დასაჯოს იმისთვის, რომ თავის მოქალაქეებს უფრთხილდება, დასაჯოს იმისთვის, რომ ომში არ ერთვება, დასაჯოს იმისთვის, რომ ქვეყნისა და ხალხის ფიზიკური გადარჩენის ნარატივზე უპირატესად, ფიქრობს პირველ რიგში ეროვნულ ინტერესებზე, ამისთვის დასჯას თუ მოინდომებენ, შეუძლიათ, თუმცა ვფიქრობ რთული იქნება. მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ამის მიმართ და ვფიქრობ, ასე მარტივი არ არის“, - განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.
ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.
ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.