ბაქო-სუფსის მილსადენი შესაძლოა, შესანიშნავი ალტერნატივა იყოს ყაზახური ნავთობის გადაზიდვისთვის.
განაცხადა აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა პარვიზ შაჰბაზოვმა ყაზახეთის ვაჭრობისა და ინტეგრაციის მინისტრთან სერიკ ჟუმინაგარინთან შეხვედრისას. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
მინისტრმა ამავე კომენტარში აღნიშნა, რომ წლის ბოლომდე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით, 1,125 მილიონი ტონა ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება იგეგმება.
„აზერბაიჯანი ყოველთვიურად იღებს ყაზახეთის ნავთობით დატვირთულ 12-დან 14-მდე ტანკერს. ეს დამაკმაყოფილებელი მონაცემებია. მხარეებს შორის თავდაპირველი შეთანხმება წელს 1,5 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირებას ითვალისწინებდა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მიწოდება მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო, 2023 წლის ბოლომდე 1,125 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირებას შევძლებთ“, - განაცხადა აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა.