ტრუდო უკრაინის პარლამენტში: ჩვენ გვინდა მშვიდობა უკრაინის პირობებით

კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო უკრაინის პარლამენტის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოვიდა.

სხდომათა დარბაზში იმყოფებოდნენ კანადის ვიცე-პრემიერი, კრისტია ფრილანდი და უკრაინელი მინისტრები.

ტრუდომ აღნიშნა, რომ უკრაინამ თავად უნდა აირჩიოს, როგორ დაიცვას თავი და კანადა მხარს დაუჭერს მის NATO-ში გაწევრიანებას.

„ჩვენ გვინდა მშვიდობა უკრაინული პირობებით. რუსეთმა მთლიანად და უპირობოდ უნდა გაიყვანოს მთელი თავისი სამხედრო ძალები უკრაინიდან", - განაცხადა ტრუდომ.

მან მადლობა გადაუხადა უკრაინელებს, რომ „ყოველდღიურად რჩებიან ჩემპიონები და დემოკრატიის დამცველები“. ტრუდოს თქმით უკრაინის გამარჯვება ისტორიის წიგნებში შევა და უკრაინელები განსაზღვრავენ 21-ე საუკუნის მომავალს.

„თქვენ არ დანებდით და ჩვენც არ დავნებდებით“, - აღნიშნა ტრუდომ 25-წუთიანი გამოსვლისას.