აშშ ადასტურებს, რომ ჩინეთი კუბაზე სადაზვერვო ბაზას ინარჩუნებს - მედია

აშშ-ის დაზვერვა ადასტურებს, რომ ჩინეთი კუბაზე ჯაშუშთა ბაზას ინარჩუნებს. თავდაპირველად, თეთრმა სახლმა მსგავსი ცნობები უარყო. ამის შესახებ DW წერს.

მედიის ცნობით, თეთრ სახლში აცხადებენ, რომ  ჩინეთმა კუბაზე სადაზვერვო ობიექტები 2019 წელს განაახლა. საინფორმაციო სააგენტოებთან ანონიმურობის პირობით საუბრისას, აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ჩინეთის სათვალთვალო ოპერაციები პეკინის გლობალური ძალისხმევის ნაწილია, გააძლიეროს დაზვერვის შესაძლებლობები.

ბაიდენის ადმინისტრაციამ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც კუბაზე ახალი ჯაშუშური ობიექტების განთავსების მცდელობის შესახებ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია.


ამერიკული მედიის თანახმად, ჩინეთმა კუბასთან საიდუმლო შეთანხმებას მიაღწია და ფლორიდადან დაახლოებით 100 მილის (160 კმ) დაშორებით, კუნძულზე ელექტრონული მოსმენის ობიექტის განთავსებას გეგმავს. იტყობინება Wall Street Journal-ი, თუმცა აშშ-ისა და კუბის მთავრობებმა ამ ცნობების ავთენტურობაში ეჭვი შეიტანეს. 

„ჩვენ არ ვიცით ჩინეთისა და კუბის მიერ ახალი ტიპის ჯაშუშური სადგურის შემუშავების შესახებ. რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ჩვენ ამ ადმინისტრაციის პირველივე დღიდან შეშფოთებულები ვართ ჩინეთის მოქმედებით მთელ მსოფლიოში; რა თქმა უნდა, ამ ნახევარსფეროში და ამ რეგიონში, ჩვენ ამას ძალიან, ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით“, - აცხადებდა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი, ბრიგადის გენერალი პატრიკ რაიდერი.


კომენტარის მოთხოვნისას, ჩინეთის საელჩოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა აშშ-ის დედაქალაქში, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მიერ პარასკევს გაკეთებულ განცხადებაზე მიუთითა, რომლის თანახმად, პეკინმა ვაშინგტონი ჭორების გავრცელებასა და ცილისწამებაში დაადანაშაულა.

ამერიკელი ოფიციალური პირი კი ანონიმურობის პირობით ამბობს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ჩინეთის შესაძლო ჯაშუშური მისიების თავიდან ასაცილებლად ძალისხმევა გაზარდა. ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ დიპლომატიის და სხვა ქმედებების გზით, გარკვეულ პროგრესს მიაღწია.