რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების დრონებმა იერიში მიიტანეს რუსეთის სადაზვერვო ხომალდ „პრიაზოვიეზე“ შავ ზღვაში, ანექსირებული სევასტოპოლიდან 300 კილომეტრში. რუსული მხარის მტკიცებით, ხომალდი არ განადგურებულა.
უწყების განცხადებით, გემი „თურქული ნაკადისა“ და „ლურჯი ნაკადის“ გაზსადენებს იცავდა.
„პრიაზოვიე“ არ დაზიანებულა, აცხადებენ სამინისტროში.
გემებზე თავდასხმების შესახებ კიევში კომენტარი არ გაუკეთებიათ.
თავის მხრივ, უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობა იტყობინება, რომ წუხელ რუსეთის არმიამ კამიკაძე დრონებით, „შაჰედებით“, შეუტია სუმისა და ხარკოვის ოლქების ფრონტისპირა რაიონებს. ამასთან, საჰაერო თავდაცვის სისტემამ ექვსი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.