სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ადამიანის ორიენტაციაზე მინიშნება მისთვის მიუღებელია. ამ განცხადებით იოსელიანი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ თსუ-ში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ახალგაზრდებს „ყველანაირი ორიენტაცია აქვთ არეული“.
„ადამიანის ორიენტაციაზე ნებისმიერი მინიშნება ჩემთვის მიუღებელია, ვინაიდან ეს არის საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით დაცული“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ცნობისთვის, ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარი ინციდენტი, რა დროსაც სტუდენტებმა კობახიძეს კიბეზე ჩასვლისას რუსული ვალუტა ესროლეს, ტელეკომპანია „ფორმულას“ მოწყობილი პროვოკაციაა.
„მგონია, რომ ეს ადამიანები უნდა მოექცნენ სწორ რელსებზე, საჭიროა, რომ ბიჭებმა ცოლები მოიყვანონ, გოგოები დაქორწინდნენ, გამრავლდნენ და ა.შ. მათი ყველანაირი ორიენტაცია, პოლიტიკურიდან დაწყებული, უნდა გამოსწორდეს, ეს არის ჩვენი ამოცანა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამ ახალგაზრდების გადასარჩენად“, - განაცხადა კობახიძემ.