სახალხო დამცველი იყო, არის და იქნება ჩართული ყველა პროცესში, რაც დაკავშირებულია სასამართლოსთან - იოსელიანი

სახალხო დამცველი იყო, არის და იქნება ჩართული ყველა პროცესში, რაც დაკავშირებულია სასამართლოსთან,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით თავისი მოადგილის, ნათია ჯულაყიძის განცხადებას, რომ სახალხო დამცველს შეზღუდული მანდატი აქვს.

“შეუძლებელია, სახალხო დამცველი ჩამოშორდეს სასამართლოს საკითხს, მათ შორის სასამართლოს რეფორმირებასა და მონიტორინგს, ვინაიდან ეს შესაბამისი კანონმდებლობითაა გათვალისწინებული. არ ვიცი, რამ გამოიწვია გაუგებრობა, მაგრამ ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ სახალხო დამცველი იყო, არის და იქნება ჩართული ყველა პროცესში, რაც დაკავშირებულია სასამართლოსთან. ჩვენ დღესაც ვმონაწილეობთ სამუშაო შეხვედრებში, კონკრეტულ საქმეების მონიტორინგს ვაკეთებთ, დავდივართ წინასწარი დაკავების იზოლატორებში. ეს, ბუნებრივია, ჩვენი მანდატის ნაწილია და ამას გავაგრძელებთ”,- განაცხადა ლევან იოსელიანმა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) სხდომაზე სახალხო დამცველის მოადგილე, ნათია ჯულაყიძემ განაცხადა, რომ მართლმსაჯულების მიმართულებით სახალხო დამცველი თავის მანდატში შეზღუდულია.