უკრაინის დაცვა ევროპის დაცვაა. თუ იქ რუსები გაიმარჯვებენ, მაშინ მოლდოვით დაიწყებენ. ეს უკვე სცადეს საქართველოში... პუტინი საბჭოთა კავშირის აღდგენას ცდილობს და ის არ გაჩერდება უკრაინაში. ამის შესახებ იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ ესპანურ Elpais-თან ინტერვიუში განაცხადა.
რა შესაძლო სცენარებს ამუშავებთ უკრაინაში? ჟურნალისტის ამ შეკითხვის საპასუხოდ, ანტონიო ტაიანიმ აღნიშნა, რომ დასავლეთის ამოცანაა, დაეხმაროს უკრაინას რუსეთთან ომის შემდეგ სამართლიანი მშვიდობის მიღწევაში.
რაც შეეხება სამხედრო თვალსაზრისით დახმარებას, დიპლომატის თქმით, იტალიის დახმარება არ შემოიფარგლება მხოლოდ სამხედრო დონეზე თანამშრომლობით.
„ჩვენ არ გავგზავნით თვითმფრინავებს, მაგრამ დავეხმარებით უკრაინას აღდგენაში: ახლა და მოგვიანებით, რადგან უკრაინა იქნება ევროკავშირის ნაწილი. მშვიდობის დამყარებაში ყველა ქვეყანამ უნდა შეიტანოს წვლილი, მათ შორის ჩინეთმაც. მშვიდობაზე საუბარი კარგია, მაგრამ თუ რუსები უკრაინაში დარჩებიან, შეთანხმება ვერ იქნება“, – განაცხადა ანტონიო ტაიანიმ.