WSJ: Patriot-ის მწარმოებელი უკრაინას თავდაცვის მეტ სისტემას ჰპირდება

Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების მწარმოებელი, Raytheon Technologies წარმოებას ზრდის და უკრაინას 2024 წლის ბოლომდე, კიდევ ხუთ სისტემას დაჰპირდა. იტყობინება Wall Street Journal-ი (WSJ).

მისივე თანახმად, წარმოების მაჩვენებელმა წელიწადში 12 სისტემას უნდა მიაღწიოს, რადგან მათი ეფექტიანობა უკრაინაში, მოლოდინს აღემატება.

„Patriot-ის ტიპის სისტემამ კიევის მიერ გამოყენებულ სხვა საჰაერო თავდაცვის სისტემებთან ერთად, რუსეთის თავდასხმების 90%-ის აღკვეთა შეძლო“, - ციტირებს WSJ, Raytheon-ის აღმასრულებელი დირექტორს, გრეგ ჰეისს.

უკრაინამ Patriot-ის ტიპის სისტემები პირველად, აპრილში მიიღო.


საჰაერო თავდაცვა, სავარაუდოდ, უკრაინის პრიორიტეტად დარჩება, რადგან, გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთს თვეში 67-მდე რაკეტის წარმოება შეუძლია და ქვეყანა მაისში განსაკუთრებით ხშირი საჰაერო თავდასხმების წინაშე აღმოჩნდა.

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას Patriot-ის კოალიცია“, რომელიც არსებული „მოიერიშე თვითმფრინავების კოალიციის“ მსგავსი იქნება და რომელიც უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას კოორდინაციას გაუწევს.