ევროპის საბჭოს კონსტიტუციური სამართლის ექსპერტთა ორგანო, ვენეციის კომისია დეოლიგარქიზაციის“ შესახებ მოსაზრებებს აქვეყნებს.
ვენეციის კომისია 14 მარტის დასკვნაში ასახულ ჩანაწერს და ევროკავშირის პოზიციას იმეორებს, რომელიც მიიჩნევს, რომ მიზანი სისტემურ გამოწვევებთან გამკლავებაა და არა ინდივიდუალურ პირებთან.
„ამ მრავალსექტორული, „სისტემური“ მიდგომის გატარების ნაცვლად, საქართველომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის მომზადებით აირჩია, რომ ოლიგარქიზაციის გავლენას განსხვავებული „პერსონალური მიდგომით გაუმკლავდეს“, - წერია დოკუმენტში.
დასკვნის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის განახლებულ ვერსიაში ამოღებულია მისი შესაძლოა სადამსჯელო შედეგებისა და შეზღუდვების უმეტესი ნაწილი, შესწორებული კანონპროექტის შედეგების პოტენციურად, ბოროტად გამოყენება და მისი დებულებების შესაძლო თვითნებური გამოყენება შესაძლოა, კვლავ სერიოზულ საფრთხეს უქმნიდეს კანონის უზენაესობასა და პოლიტიკურ პლურალიზმს.
ვენეციის კომისიის რეკომენდაციები:
კანონპროექტი არ უნდა იყოს მიღებული, ხოლო საქართველოს ხელისუფლებამ ოლიგარქიულ ზეგავლენასთან ბრძოლისთვის უნდა შეიმუშაოს მაკორექტირებელი, დამატებითი კანონები და ზომები, რომლებიც მოიცავს შემდეგს:
- ეფექტიანი კონკურენტუნარიანი პოლიტიკის განხორციელება;
- უმაღლეს დონეზე კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება;
- სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობა;
- მასობრივი ინფორმაციის საშუალებების პლურალიზმის გაძლიერება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მფლობელთა გამჭვირვალობა;
- ფულის გათეთრებასთან ბრძოლის პოლიტიკის დახვეწა,
- იურიდიული პირების და წარმონაქმნების გამჭვირვალობის ჩათვლით;
- პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კამპანიების დაფინანსების წესების და კონტროლის არსებული მექანიზმების გაძლიერება;
- საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა - ძირითადი მარეგულირებელი და მაკონტროლებელი ორგანოების დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის ამაღლება.
ზემოაღნიშნული სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის საჭიროა სასამართლო სისტემის რეფორმის ჩატარება, რომელიც მიმართული იქნება მის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე, მათ შორის ეს ეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს - ნათქვამია დასკვნაში.
„ვენეციის კომისია ხაზს უსვამს, რომ კერძო პირის ხელში ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი გავლენის კონცენტრირების საშიშროება ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება არსებობდეს. ქვეყნების უმრავლესობამ შეიმუშავა და შემოიღო ურთიერთდაკავშირებული საკანონმდებლო, ადმინისტრაციული, ეკონომიკური და სხვა ზომები, რათა თავიდან აიცილოს ამ კონცენტრირების გამანადგურებელი ზემოქმედება დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობაზე და ადამიანის უფლებებზე. ამ სისტემური მიდგომის ნაცვლად, საქართველომ გადაწყვიტა ებრძოლოს ოლიგარქიზაციის დესტრუქციულ გავლენას „პირადი მიდგომით“, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მომზადებით.
ეს „პირადი მიდგომა“ მიმართულია ადამიანების „ოლიგარქებად“ იდენტიფიცირებაზე გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით, როგორებიც არის სიმდიდრე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ფლობა (და ა. შ.), და უწესებს რიგ შეზღუდვებს.
მიუხედავად იმისა, რომ გადახედილ ვერსიაში შეზღუდვების უმეტესობა მოიხსნა, ამ კანონპროექტით პოტენციური პოლიტიკური გადამეტება და დებულებების გამოყენება კვლავ სერიოზულ საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობას და პოლიტიკურ პლურალიზმს.
ჩვენ ვაღიარებთ, რომ ოლიგარქიულ გავლენასთან ბრძოლაში უნივერსალური გადაწყვეტა არ არსებობს და განსაკუთრებულ, უკიდურესად კრიტიკულ შემთხვევებში, მაგალითად, ხელისუფლების დამხობის დროს, პირადი ხასიათის რადიკალური გადაწყვეტილებები შეიძლება გამართლებული აღმოჩნდეს დროებით და საგანგებო საფუძველზე", - ვკითხულობთ დოკუმენტში.
ვენეციის კომისიის შეფასებით, ეს უნდა იყოს „სისტემური მიდგომის“ დამატება და არა ალტერნატივა. ხსენებული ზომები კი, უნდა შემუშავდეს პოლიტიკური პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის სტანდარტების სრული დაცვით, კერძოდ, გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს დამოუკიდებლობის მტკიცე გარანტიებით და სათანადო სამართლებრივი პროცედურით.
ვენეციის კომისიის შეფასებით, ამჟამად, კანონპროექტი არ შეიძლება, განიხილებოდეს დემოკრატიულ და ეფექტიან პასუხად.
„დეოლიგარქიზაციის შესახებ ასეთი კანონმდებლობა შეიძლება, ხელისუფლების ხელში პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის სახიფათო ინსტრუმენტი გახდეს", - ნათქვამია დასკვნაში.