როგორც კი ევროკომისია თავისი 12 პუნქტიდან დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერს ამოიღებს, მაშინვე, ჩვენ თებერვალში გავაუქმებთ ამ კანონს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ვენეციის კომისიის რეკომენდაციასა და ევროკომისიის რეკომენდაციას შორის წინააღმდეგობაა. თუ ერთმანეთში შეთანხმდებიან ევროკომისია და ვენეციის კომისია, ჩვენ გავაკეთებთ იმას, რასაც იტყვის ევროკომისია, მაგრამ დღეს ვენეციის კომისია გვეუბნება ერთს და ევროკომისია გვეუბნება მეორეს.
კერძოდ, ვენეციის კომისია ამბობს, რომ არ მოსწონს პერსონალიზებული მიდგომა და ამბობს, რომ სხვადასხვა სფეროში რეფორმები უნდა გატარდეს, რაც ისედაც კეთდება. ევროკომისია ამბობს, რომ ჩვენ პერსონალიზებული მიდგომით უნდა წავიდეთ. ის საუბრობს სწორედ დეოლიგარქიზაციაზე. სიტყვა დეოლიგარქიზაციაც ნიშნავს პერსონალიზებულ მიდგომას. ამიტომ გამოდის, რომ ვენეციის კომისიას არ მოსწონს პერსონალიზებული მიდგომა და ევროკომისია გვეუბნება რომ ჩვენ უნდა გავყვეთ პერსონალიზებულ მიდგომას. როგორც კი ევროკომისია დაეთანხმება ვენეციის კომისიას და როგორც კი ამოიღებს ჩანაწერს დეოლიგარქიზაციის შესახებ მისი 12 პუნქტიდან, მაშინვე ჩვენ გავაუქმებთ იმ კანონს, რომელიც იქნება მიღებული სამი მოსმენით ამ თვის ბოლომდე. სწორედ ამისათვის ჩვენ გადავწევთ კანონის ამოქმედებს ვადას 1-ელ მარტამდე. თუ ევროკომისია გაიზიარებს დეკემბერში ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, ამ შემთხვევაში თებერვალში გაუქმდება ჩვენს მიერ მიღებული კანონი, მაგრამ თუ ევროკომისია არ გაიზიარებს ვენეციის კომისიის მიდგომას ამ შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს ამ კანონის მიღება,“ - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.
ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.
ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.