გულწრფელად ვიტყვი, საერთოდ არ მაინტერესებს, რისი სჯერა დასავლეთს - თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, რეფორმების განხორციელებასა და 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაში მხოლოდ ხელისუფლებაა ჩართული - ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადებების კომენტირებისას განუცხადა.
„გულწრფელად ვიტყვი, საერთოდ არ მაინტერესებს, რისი სჯერა დასავლეთს. ჩვენთვის ყველაზე მთავარია, რომ 12 რეკომენდაცია, რომელიც მოცემულია და სრულდება, ივნისის ბოლოს ზედმიწევნით იქნება შესრულებული. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ გზამკვლევში პირველი მოცემული იყო დეპოლარიზაცია, რომელიც ცალმხრივად ვერ განხორციელდება, ამას მეორე მხარეც ჭირდება, რომელიც დღეს რადიკალიზმს წარმოადგენს და ბოიკოტის რეჟიმშია, ეს ბოიკოტი კი იკვეთება ქვეყნის და არა მხოლოდ ხელისუფლების წინააღმდეგ. რეფორმებს და იმ 12-პუნქტიან გეგმას ასრულებს მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლება, რადგან ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს იმისთვის, რომ ქვეყანამ მიიღოს სტატუსი, მიუხედავად იმისა, რომ ამას აქამდეც ვიმსახურებდით. შესრულდება ეს 12-პუნქტიანი გეგმა და შემდეგ უკვე დაველოდებით, დეკემბერში რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.
ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.
ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.