შვედეთი ერდოღანის ერთ-ერთ კრიტიკოსს თურქეთს გადასცემს - მედია

შვედეთის მთავრობამ რიგგარეშე სხდომაზე გადაწყვიტა, რომ  თურქეთისთვის გადაეცა ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) მხარდამჭერი, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს. ამის შესახებ Ekho Kavkaza-ს ცნობით, შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი SVT იტყობინება.

თურქეთის 35 წლის მოქალაქეს 2013 წელს თურქეთის სასამართლომ ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულისთვის 4 წლითა და შვიდი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

30 მაისს შვედეთის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ექსტრადიციის კანონისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისად, მისი თურქეთში ექსტრადირებისთვის რაიმე დაბრკოლება არ არსებობს.

შვედეთის უზენაეს სასამართლოში წარმოებისას თურქეთის მოქალაქე თავის მხრივ ამტკიცებდა, რომ ექსტრადიციის მოთხოვნის რეალური მიზეზი PKK-ის მხარდაჭერა იყო.

ამასთან, ხაზი გაუსვა, რომ მან თურქეთი კანონიერი გზით დატოვა მას შემდეგ, რაც პირობით ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. შემდეგ კი, შვედეთში მუშაობის ნებართვა მისცეს.


მაუწყებლის ცნობით, ეს არის PKK-ის მომხრეების პირველი ექსტრადიცია თურქეთში მას შემდეგ, რაც შვედეთმა NATO-ში გაწევრიანება მოითხოვა. შვედეთმა და მეზობელმა ფინეთმა, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ნეიტრალიტეტზე თქვეს უარი და ალიანსში გაწევრიანება გადაწყვიტეს.

მიმდინარე წლის აპრილში ფინეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 31-ე წევრი ოფიციალურად გახდა. შვედეთი ჯერ კანდიდატის სტატუსს ინარჩუნებს, რადგან თურქეთი კვლავაც აპროტესტებს მის წევრობას.

ანკარა მოითხოვს, რომ შვედეთმა გამოიჩინოს მკაცრი პოზიცია PKK-ის წინააღმდეგ და მოახდინოს 100-ზე მეტი ქურთი აქტივისტის ექსტრადირება, რომლებმაც ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღეს.

მაისში შვედეთის პარლამენტმა მიიღო ცვლილებები, რომლებიც ქვეყნის ანტიტერორისტულ კანონებს აძლიერებს.  ცვლილებები ძალაში პირველი ივნისიდან შევიდა. შვედეთი NATO-ში გაწევრიანებას ლიეტუვის სამიტზე, 11-12 ივლისს ელის.