პარლამენტმა „საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას პარლამენტი ავრელებს.
პარლამენტმა „საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას 80 ხმით მხარი დაუჭირა.
შეთანხმების დეტალებზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ ისაუბრა. მისი თქმით, ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობა სამხედრო განათლებას, წვრთნას და სწავლებებს, ლოგისტიკას, სამხედრო მედიცინას, სამხედრო კანონმდებლობას და NATO-ს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის მიმართულებებს მოიცავს.
24 პრილს, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანელ კოლეგას გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს შეხვდა, რის შემდეგაც მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 24 აპრილის განცხადებით, ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა, სხვა საკითხებთან ერთად, თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს, მათ შორის საერთაშორისო სწავლებებსა და სამხედრო-საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა.
ამასთან, აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატში თანამშრომლობის საკითხებიც მიმოიხილეს და აღინიშნეს, რომ „სტრატეგიული დონის შეხვედრები, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა, ერთობლივი სწავლებები და ექსპერტთა შეხვედრები კიდევ უფრო აძლიერებს ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობას“.
ჯუანშერ ბურჭულაძემ და ზაქირ ჰასანოვმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზეც გაამახვილეს ყურადღება და უმაღლესი დონის ორმხრივი ვიზიტების დინამიკას გაუსვეს ხაზი, „რაც ადასტურებს მზაობას, კიდევ უფრო გამყარდეს კავშირები ქვეყნების და რეგიონის საკეთილდღეოდ“.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა დეტალურად განიხილეს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის, სამხედრო, სამხედრო-ტექნიკური, სამხედრო-საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებისა და ორმხრივი ინტერესის სხვა საკითხები. ამ კონტექსტში ზაქირ ჰასანოვმა თავდაცვის სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განმტკიცებასა და განვითარებას გაუსვა ხაზი.