გერმანიამ რუსეთი მშვიდობისა და უსაფრთხოების ყველაზე დიდ საფრთხედ დაასახელა

გერმანიის მთავრობამ ყოვლისმომცველი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, 76-გვერდიანი დოკუმენტი პირველად წარადგინა. ბერლინმა მომავლის პროგნოზებში, რუსეთი უსაფრთხოების ყველაზე დიდ საფრთხედ დაასახელა. Associated Press-ის თანახმად, დოკუმენტი ჩინეთის მიმართ დაბალანსებული მიდგომით გამოირჩევა. კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ახალმა სტრატეგიამ, რომელიც მისმა სამპარტიულმა სამთავრობო კოალიციამ შეადგინა, დამატებითი მნიშვნელობა შეიძინა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ.

AP-ის თანახმად, უკრაინის ომმა გაამძაფრა გერმანიაში შეშფოთება საკუთარი შეიარაღებული ძალების მზადყოფნის შესახებ, რის გამოც შოლცმა სამხედრო ხარჯებთან დაკავშირებით, „გარდამტეხი ეტაპი“ გამოაცხადა. ასევე გაჩნდა კითხვები იმის შესახებ, თუ როგორ რეაგირებს გერმანია ჰიბრიდულ საფრთხეებზე დეზინფორმაციის, კიბერთავდასხმების ჩათვლით, და ასევე, დიდი ძალების მხრიდან ეკონომიკურ ზეწოლაზე, მაგალითად, როგორიცაა, ჩინეთი.

დღევანდელი რუსეთი, უახლოეს მომავალში, ყველაზე დიდი საფრთხეა ევროატლანტიკურ ზონაში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. ჩვენ ვცხოვრობთ მზარდი მრავალპოლარულობის ეპოქაში, როდესაც ზოგიერთი ქვეყანა „ცდილობს, შეცვალოს არსებული საერთაშორისო წესრიგი სისტემატური მეტოქეობის შესახებ მათი შეხედულებისამებრ“, - ნათქვამია დოკუმენტში.


დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ იგი ჩინეთს განიხილავს, როგორც „პარტნიორს, კონკურენტს და სისტემურ კონკურენტს“ და აღნიშნა, რომ ბერლინმა დაინახა, რომ „მეტოქეობისა და კონკურენციის ელემენტები გაიზარდა ბოლო წლებში; ამავდროულად ჩინეთი რჩება პარტნიორად, რომლის გარეშეც ბევრი ყველაზე აქტუალური გლობალური გამოწვევის გადაწყვეტა შეუძლებელია“.

გერმანიის მთავრობა ჩინეთთან დაკავშირებით კონკრეტულ სტრატეგიას ადგენს. მთავრობამ განაცხადა, რომ ასევე შეიმუშავებს სტრატეგიას და მისი დაზვერვის სამსახურების ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერებით გაზრდის გერმანიის შესაძლებლობას, დაუპირისპირდეს ჰიბრიდულ საფრთხეებს.