„ჩვენს მიზნად რჩება ევროპა, რომელიც მშვიდობა და თავისუფლება აერთიანებს. გერმანიის ფედერალური მთავრობა მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას უკრაინისთვის, მოლდოვის რესპუბლიკისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის, ასევე, პერსპექტივაში საქართველოსთვის", - ნათქვამია გერმანიის მიერ გამოქვეყნებულ ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში, რომელშიც ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირს გაფართოებისთვის და მისი მოქმედების შესაძლებლობის უწყვეტად უზრუნველსაყოფად, რეფორმები ევროკავშირის შიგნით აუცილებელია.
გერმანიის მთავრობამ ყოვლისმომცველი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, 76-გვერდიანი დოკუმენტი პირველად წარადგინა. ბერლინმა მომავლის პროგნოზებში, რუსეთი უსაფრთხოების ყველაზე დიდ საფრთხედ დაასახელა. Associated Press-ის თანახმად, დოკუმენტი ჩინეთის მიმართ დაბალანსებული მიდგომით გამოირჩევა. კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ახალმა სტრატეგიამ, რომელიც მისმა სამპარტიულმა სამთავრობო კოალიციამ შეადგინა, დამატებითი მნიშვნელობა შეიძინა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ.