ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტრო უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის 150 მილიონი ევროს ღირებულების ოთხ VERA-EG -ის ტიპის სარადარო სისტემას შეიძენს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი, კაჯსა ოლლონგრენი ჰოლანდიის პარლამენტისადმი წერილში წერს.
ნიდერლანდები, რომელიც პარტნიორებთან ერთად მუშაობს სასწავლო ცენტრის შესაქმნელად, F-16 საბრძოლო თვითმფრინავებზე უკრაინელი მფრინავების მომზადებას რამდენიმე თვეში დაიწყებს.
ჰოლანდიის თავდაცვის მინისტრმა კაჯსა ოლონგრენმა განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ წარმომადგენელთა პალატას უკვე აცნობა.
„მე ახლახან ვაცნობე წარმომადგენელთა პალატას უკრაინის ახალი მხარდაჭერის შესახებ. ჩვენ დავიწყებთ F-16 წვრთნას რამდენიმე თვეში. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას“, - ამბობს ოლონგრენი.
ჰოლანდიის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინელი მფრინავების მომზადება F-16-ზე უახლოეს თვეებში დაიწყება.
„ნიდერლანდები და ევროპის რამდენიმე ქვეყანა მუშაობენ, რომ უკრაინელი მფრინავების მომზადება რაც შეიძლება მალე დაიწყოს. პარალელურად, აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში სასწავლო ცენტრი იქმნება“, - აცხადებენ სამიისტროში.