- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საბერძნეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს შორის უწყებათაშორის საერთაშორისო შეთანხმებას მოეწერა ხელი
NATO-ს საზღვაო ოპერაცია „ზღვის მცველის“ (OSG) ფარგლებში, საბერძნეთის საზღვაო ძალების ხომალდებზე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ტაქტიკური ქვედანაყოფის განთავსებასთან დაკავშირებით, საქართველომ და საბერძნეთმა შეთანხმება გააფორმეს. მისი მიზანი ორმხრივი ვალდებულებების დარეგულირებაა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, ნიკოლოზ შარაძე საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მარია თეოდორუს შეხვდა.
შსს-ს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ხელი მოაწერეს, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეების NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მონაწილეობისას საბერძნეთის საზღვაო ძალების ხომალდებზე განთავსებასთან დაკავშირებით“ უწყებათაშორის საერთაშორისო შეთანხმებას, რომლის მიზანია, დაარეგულიროს ორმხრივი ვალდებულებები საბერძნეთის საზღვაო ძალების ხომალდებზე NATO-ს საზღვაო ოპერაცია „ზღვის მცველის“ (OSG) ფარგლებში, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ტაქტიკური ქვედანაყოფის ასვლის, განთავსების, მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის დეტალებთან დაკავშირებით.
საბერძნეთი იყო პირველი სახელმწიფო რომელმაც, მზაობა გამოთქვა, NATO-ს ოპერაციის ფარგლებში, საკუთარი საზღვაო ძალების ხომალდებზე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ტაქტიკური ქვედანაყოფი განეთავსებინა.
2022 წლის მაისში, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა საქართველო საზღვაო ოპერაცია „ზღვის მცველის“ (OSG) ოპერაციულ პარტნიორად აღიარა. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველო გახდა უფლებამოსილი, შეიტანოს საკუთარი კონტრიბუცია NATO-ს ოპერაციაში და მხარდაჭერა აღმოუჩინოს ალიანსს საზღვაო უსაფრთხოების კუთხით.
NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაცია „ზღვის მცველი“ (MSO SEA GUARDIAN) 2016 წლის ნოემბერში ამოქმედდა და 2001-2016 წლებში მიმდინარე NATO-ს მე-5 მუხლის ქვეშ მოქმედი საზღვაო ოპერაცია - „აქტიური ძალისხმევა“ (Operation Active Endeavor) ჩაანაცვლა.
ოპერაცია „ზღვის მცველი“ ალიანსის საზღვაო ძალების ერთადერთი საზღვაო ოპერაციაა, რომლის სამოქმედო არეალიც ხმელთაშუა ზღვას მოიცავს. ოპერაციის მთავარი მიზანია ზღვაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საფრთხეებზე დროული რეაგირება. აღნიშნული ოპერაცია ზღვაზე ტერორისტულ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი მცდელობის აღკვეთაზეა ორიენტირებული. 2016 წელს, საქართველომ NATO-ს ძალთა რეზერვში (Pool of Forces) შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის ტაქტიკური ჯგუფების გაწევრიანების შესახებ ოფიციალურად განაცხადა და NATO-ს მიერ დადგენილი შეფასებების სტანდარტების თანახმად, აღნიშნული ჯგუფების მომზადება დაიწყო.
შსს-ს თანახმად, მას შემდეგ, რაც კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფებმა წარმატებით დაასრულეს NATO-ს შეფასების ოთხწლიანი პროგრამა, ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ საქართველო ოპერაცია „ზღვის მცველში“ ოპერაციულ პარტნიორად აღიარა.
საქართველო NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია. ქვეყანა ისწრაფვის ალიანსში გაწევრიანებისკენ. დროთა განმავლობაში NATO-სა და საქართველოს შორის პრაქტიკული თანამშრომლობის ფართო სპექტრი განვითარდა, რომელიც მიმართულია საქართველოს მიერ რეფორმების დარგში გაწეული ძალისხმევის მხარდაჭერისკენ და მის მიერ დასახული მიზნის, ინტეგრაცია მოახდინოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში, ხელშეწყობისკენ. ქვეყანას საკუთარი წვლილი შეაქვს NATO-ს ეგიდით გამართულ ოპერაციაში “ზღვის მცველი” (Sea Guardian) და გარდა ამისა იგი თანამშრომლობს ალიანსის მოკავშირეებთან და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ბევრ სხვა სფეროში.