"ვფიქრობ ამის [მუხთარლის გატაცების] შემდეგ საქართველო არათუ გამოიყურება ნაკლებ უსაფრთხოდ, არამედ ნაკლებ უსაფრთხო გახდა", - ამის შესახებ Freedom House-ის კვლევების დირექტორის, ნეით შენკანმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ისაუბრა და Freedom House-ის ახალი ანგარიში განიხილა, რომელიც ტრანსნაციონალური რეპრესიების ფაქტებს ეხება.
"ვფიქრობ ამის [მუხთარლის გატაცების] შემდეგ საქართველო არათუ გამოიყურება ნაკლებ უსაფრთხოდ, არამედ ნაკლებ უსაფრთხო გახდა. როდესაც მთავრობის კრიტიკოსი ხარ და ამგვარი ფიზიკური, კრიტიკული საფრთხის წინაშე აღმოჩნდები, და იცი, რომ ვიღაცას ასე დაესხნენ თავს, რა თქმა უნდა ეს ამ ადგილს შენთვის ნაკლებ უსაფრთხოს ხდის. ასე რომ, ნამდვილად, მუხთარლის გატაცებამ დააზიანა საქართველოს რეპუტაცია და იმიჯი, როგორც იმ ადგილისა, სადაც დემოკრატიისთვის მებრძოლ აქტივისტებს შეუძლიათ უფრო თავისუფლად იცხოვრონ და განაგრძონ მოთხოვნა იმ დემოკრატიისა, რომელსაც იმსახურებენ", — განაცხადა ნეით შენკანმა.
მისი თქმით, ახალი კვლევის ფარგლებში მათ შეისწავლეს როგორ იღებენ მიზანში დიასპორის წარმომადგენლებს და ქვეყნიდან გაქცეულ პირებს ესა თუ ის მთავრობები; რას ნიშნავს დატოვო ქვეყანა, სადაც გავიწროვებენ და რისი უფლება გაქვს სხვა ქვეყანაში, როდესაც თავშესაფარს ეძებ.
"ვნახეთ, რომ ბევრი, ვინც რეპრესიულ გარემოს გაურბის, კვლავ დაშინებისა და შევიწროების საფრთხის ქვეშაა. ქვეყანა კი, რომელიც დატოვეს, კვლავ ახერხებს მათზე ძალადობას. ასე რომ, ეს კვლევა ნამდვილად არის ჩვენი მცდელობა, რომ ამ ფენომენის გლობალური მასშტაბები აღვწეროთ და დავინახოთ რეალური ციფრები, რეალური სახეები იმის მიღმა, რაც მსოფლიოში უამრავ ადამიანს ემართება", — განაცხადა მან.
შენკანი ამბობს, რომ ამგავრი რეპრესიების მეთოდები 4 კატეგორიად იყოფა.
როგორც მან აღნიშნა, ყველაზე აშკარა არის პირდაპირი თავდასხმები, რაც მკვლელობებსა და მოტაცებებს გულისხმობს.
მეორე კატეგორია, რომელიც შენკანის განცხადებით, ყველაზე ხშირია და ამასთანვე, ძალიან მნიშვნელოვანი, არის - ადგილობრივ მთავრობებთან თანამშრომლობა.
"ეს ძირითადად არის მასპინძელი ქვეყნის ინსტიტუტების გაცურება, მოტყუება იმისთვის, რომ ამ ინსტიტუტებმა იქ მყოფი პირის წინააღმდეგ იმოქმედონ, მათი დაკავების, დეპორტაციის ან თუნდაც, მათი გატაცების ფორმით. მესამე კატეგორია დევნილ პირთა გადაადგილების კონტროლია. ეს მოიცავს ისეთ ქმედებებს, როგორებიცაა პასპორტების გაუქმება ან სხვაგავრი მანიპულაციები, რომელთა საშუალებითაც ეს სახელმწიფო ხელს უშლის მათ მგზავრობაში, საზღვრების გადაკვეთაში და ახერხებს, რომ მათ ან ვერ იმოგზაურონ ან მგზავრობისას დააკავონ", - აღნიშნავს შენკანი.
მისივე განცხადებით, მეოთხე კატეგორას "დისტანციური საფრთხე" წარმოადგენს, რა დროსაც ძალადობის ავტორ მთავრობას კონკრეტულ ადამიანზე ფიზიკური წვდომა არ სჭირდება.
"მათ შეუძლიათ დააკავონ მათი ოჯახის წევრები, ციფრულად გაუგზავნონ მუქარა ან ჰაკერულად დაესხნენ თავს მათ საკომუნიკაციო მოწყობილებებს, მოიპოვინ წვდომა მათ პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებზე", განაცხადა Freedom House-ის კვლევების დირექტორმა.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარებული ჟურნალისტი აფგან მუხთარლი მეორე დღეს ბაქოს ციხეში აღმოჩნდა. როგორც ის ამბობს, საქართველოს დედაქალაქიდან კრიმინალური პოლიციის ფორმიანმა პირებმა გაიტაცეს.
აზერბაიჯანის ხელისუფლების ინფორმაციით, მუხტარლი საზღვრის უკანონო კვეთის გამო დააკავეს.