სალომე ზურაბიშვილი უკრაინულ მედიასთან: დღესაც მზად ვარ, ჩავიდე უკრაინაში - თუ შეტყობინებას გადასცემთ, ხვალვე შემიძლია, ჩამოვიდე

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გამოცემა „უკრაინსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში საუბრობს, თუ რატომ არ ჩასულა ამ დრომდე უკრაინაში.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რატომ არ ჩასულა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მაშინ, როდესაც იქ ბევრი დასავლელი ლიდერი იმყოფებოდა სოლიდარობის გამოსახატავად. ასევე, რატომ არ მიიწვია პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა: „ეს არ არის პირადული და ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რაც ჩვენ აღვწერეთ, როგორც ამ ეტაპზე არცთუ დამაკმაყოფილებელი ურთიერთობა სამთავრობო წრეებს შორის“.

„ასე რომ, გარკვეულწილად, მე ვგრძნობ მის შედეგებს, მაგრამ კიდევ ერთხელ, მზად ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა. იმედი მაქვს, ასეთი შემთხვევა ყირიმის პლატფორმაზე გამოჩნდება", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

კითხვას, მიიღო თუ არა მიწვევა, საქართველოს პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ჯერჯერობით არა. „ვფიქრობ, ჯერ არ არის ორგანიზებული“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.


24 თებერვალს უკრაინაში ომის დაწყების წლისთავზე, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები კიევში უნდა ყოფილიყვნენ.

„სამწუხაროდ, მოწვევა ვერ მივიღე. სამაგიეროდ პარლამენტმა კი, მოწვევის მიუხედავად, არ მიიჩნია საჭიროდ ოფიციალურ დელეგაციის გაგზავნა. ვწუხვარ, რომ ამის შედეგად მხოლოდ ოპოზიციის სახით ვართ ჩვენ დღეს კიევში წარმოდგენილნი, თუმცა მაინც მიხარია, რომ ისინი იქ იმყოფებიან", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ომის დაწყებიდან საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინას ერთხელ ეწვია, ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები - პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი კი, უკრაინაში არ ჩასულან.

გასული წლის აგვისტოში, სალომე ზურაბიშვილი ონლაინ ფორმატში გამართულ "ყირიმის პლატფორმის" რიგით მეორე სამიტში მონაწილეობდა.

"ყირიმის პლატფორმის" რიგით მეორე სამიტში 50-ზე მეტი ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

„ყირიმის პლატფორმა" უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივითაა შექმნილი. ის მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციასა და მისი უკრაინისთვის დაბრუნებას.